"მიჩვევა გვჭირდება, რომ ნაგავში ფული გადავიხადოთ" - როგორ იმართება საქართველოში სახიფათო ნარჩენები
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სახიფათოა ნარჩენი, რომელსაც აქვს ერთი, ან მეტი სახიფათო ნარჩენის განმსაზღვრელი მახასიათებელი.
მაგალითად, ისეთი, როგორიცაა ფეთქებადი, მჟანგავი, აალებადი, ტოქსიკური, ინფექციური და სხვა. სახიფათო ნარჩენებს წარმოქმნის მრავალი წყარო აქვს, სამრეწველო წარმოების პროცესიდან დაწყებული, ბატარეებით დასრულებული. ისინი გარემოში მრავალი ფორმით არსებობს, მათ შორის შეიძლება შეგვხვდეს თხევადი, მყარი, ან აირის სახით. ქვეყანაში არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რა მოცულობის სახიფათო ნარჩენი წარმოიქმნება წლიდან წლამდე. თუმცა, ცნობილია, რომ გლობალურად ეს მაჩვენებელი წელიწადში დაახლოებით 400 მილიონი ტონაა.
საქართველოში სახიფათო ნარჩენების წარმოქმნასა და მის საბოლოო განთავსებასთან დაკავშირებულ საკითხებს სპეციალური ტექნიკური რეგლამენტი არეგულირებს. დადგენილება რამდენიმე მიმართულებას განსაზღვრავს. მათ შორის, ადგენს სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალურ მოთხოვნებს, შეფუთვისა და ეტიკეტირების სტანდარტებს, დროებითი შენახვის ობიექტისადმი აწესებს გარკვეულ პირობებს.
ნარჩენების მართვის კოდექსი საქართველოში 2015 წლიდან ამოქმედდა. შესაბამისად, დღეისთვის საკმარისად განვითარებული არც სექტორია და არც შესაბამისი ბაზარი. ამის მიუხედავად, ბოლო წლებში თემის მიმართ ინტერესი გაიზარდა, რიგი საკითხები დარეგულირდა და ახლა სახიფათო ნარჩენების უტილიზაციის პროცესში თითქმის ყველა კომპანიაა ჩართული.
"2015 წლამდე ამ მიმართულებას ყურადღება საერთოდ არ ექცეოდა. თუმცა ნარჩენების კოდექსის ამოქმედების შემდეგ ორგანიზაციებში ეს კულტურა გაჩნდა. თუმცა, როგორც საზოგადოებას, ასევე კომპანიებს მიჩვევა გვჭირდება, რომ ნაგავში ფული უნდა გადავიხადოთ. ეს ჩვენთვის ცოტა არაბუნებრივად ჟღერს. ამის მიუხედავად, ორგანიზაციებისთვის ბევრი რამ შეიცვალა. ეს საბოლოო ჯამში აძვირებს პროდუქციასაც, ცხოვრებასაც, თუმცა სხვა გზა არ არის, თუ გვინდა, რომ თავზე არ გვეყაროს ნაგავი, მიწაში არ ჩადიოდეს და შემდეგ რაიმე სახით ისევ უკან არ გვიბრუნდებოდეს. სახოფათო ნარჩენების მართვაში თითქმის ყველა ორგანიზაციაა უკვე ჩართული",- განაცხადა ბიზნესპარტნიორთან" კომპანია "სანიტარის" დირექტორმა, ლევან კვირკველიამ.
კომპანია სანიტარი საქართველოში ნარჩენების მართვის მიმართულებით 1997 წლიდან ფუნქციონირებს. კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი ინსინირატორი მის საკუთრებაშია. ობიექტზე თვის განმავლობაში დაახლოებით 50 ტონა სახიფათო ნარჩენი იწვება. "სანიტარი" როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს ემსახურება.
"ჩვენთვის არასახიფათო ნარჩენების მართვაც პრიორიტეტია, თუმცა ეს ჯერ სახელმწიფოს პრიორიტეტებშიც კი არ არის მკაცრად. მაგალითად, მოსახლეობას არ ევალება სახიფათო ნარჩენების სეგრეგაცია და გადარჩევა. თუმცა, ძალიან გამკაცრდა სახიფათო ნარჩენების მიმართულება, რომ ის არ მოხვდეს ნაგავსაყრელებზე. მაგალითად, ნავთობური ნარჩენები, ვერცხლის წყლის შემცველი და ელექრო ნარჩენები. კავკასიაში ყველაზე დიდი ინსინირატორი გვაქვს. აქ ნარჩენები დაახლოებით 1 200-1 300 გრადუსზე იწვება",- აღნიშნა კვირკველიამ.
ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად, სახიფათო ნარჩენების გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მქონე ინსინერატორის გარეთ დაწვა აკრძალულია; დაუშვებელია სახიფათო ნარჩენის სხვა ნარჩენებთან შერევა გარემოს დაცვის სამინისტროს ნებართვის გარეშე. აღსანიშნავია, რომ მათი განთავსების ერთ-ერთი საშუალება სპეციალურად სახიფათო ნარჩენებისთვის მოწყობილ ნაგავსაყრელზე მოხვედრაა, რომელიც დესდღეობით საქართველოში არც არსებობს.