მეორადი ავტონაწილები, შესაძლოა, გაიაფდეს - ავტოიმპორტიორები საგადასახადო კოდექსში ცვლილებას ითხოვენ
მეორადი ავტონაწილები, შესაძლოა, გაიაფდეს. ავტოიმპორტიორები საგადასახადო კოდექსში ცვლილებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც, მათ დაშლის მიზნით შემოყვანილი ავტომობილის გაფორმება უნდა გაუადვილდეთ.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ საკანონმდებლო ინიციატივის ავტორმა, „საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა ალექსი ნონიაძემ განუცხადა, მათი ინიციატივა რამდენიმე თვეა პარლამენტშია წარდგენილი, ის სხვადასხვა უწყებამ უნდა განიხილოს და საკუთარი შეფასება დადოს.
„ბიუროკრატიული ვადების გამო, პროცესი გაგრძელდა, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ინიციატივის განხილვა პარლამენტში მიმდინარე წლის საშემოდგომო სესიის ბოლომდე მოესწრება. რაც შეეხება უშუალოდ ინიციატივის შინაარსს, საუბარია ცვლილებაზე „საგადასახადო კოდექსში“, რომლის მიხედვითაც ავტოიმპორტიორს ნაწილებად დაშლის მიზნით შემოყვანილი მანქანის გაფორმება უნდა გაუადვილდეს და შესაძლებლობა მიეცეს, რომ თავი აარიდოს დამატებით ხარჯებს.
კანონში ცვლილება საშუალებას მისცემს დეკლარაციის წარმდგენს, მიიღოს გადაწყვეტილება, კუთვნილი საქონელი სატრანსპორტო საშუალებად დატოვოს, ან საკუთარი განცხადების საფუძველზე, მისი ნაწილებად დემონტაჟი დაგეგმოს.
ავტომობილის ნაწილებად დაშლის შემთხვევაში, მფლობელი დაიბეგრება დღგ-ს გადასახადით, როგორც ეს მეორადი ავტონაწილების შემთხვევაში ხდება, ნაცვლად აქციზის გადასახადისა. მიგვაჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის კიდევ უფრო ლიბერალიზაცია ავტოიმპორტიორებისთვის, ბაზარზე არსებულ კონკურენციას გააჯანსაღებს, რადგან ამჟამად ხშირია შემთხვევები, როდესაც ამ დარგში დასაქმებული რიგი ბიზნეს ოპერატორები დასაშლელად შემოყვანილი ავტომობილის გაფორმებას, კანონის გვერდის ავლით ცდილობენ.
გარდა ამისა, ამ ინიციატივის კანონად ქცევის შემთხვევაში, ჩვენი დარგი პირველივე წელს 9 მილიონი ლარის შეღავათს მიიღებს. იმპორტიორი ნაწილებად დაშლის მიზნით შემოყვანილ თითო მანქანაზე საშუალოდ 1000 ლარს დაზოგავს. ეს ყველაფერი კი, საბოლოო ჯამში, მეორადი ავტონაწილების ფასებზე აისახება და პროდუქტი გაიაფდება“, - აღნიშნა ალექსი ნონიაძემ.
მან, ზოგადად, სექტორში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამჟამად, ადგილობრივი ბაზარი გაჯერებულია ავტომობილებით, ანუ ქვეყანაში ე.წ საავტომობილო პრეფიციტია, რაც ნიშნავს იმას, რომ მიწოდება მოთხოვნას აღემატება.
შეგახსენებთ,საქონლით საგარეო ვაჭრობის დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, უმსხვილეს საექსპორტო სასაქონლო ჯგუფში მსუბუქი ავტომობილები ლიდერობს. 2022 წელს დარგის წლიურმა სავაჭრო ბრუნვამ 2,5 მილიარდი დოლარი, ხოლო აქციზისა და იმპორტის გადასახადის სახით წლიურმა შემოსავალმა სახელმწიფო ბიუჯეტში 239 მილიონი ლარი შეადგინა.