ბიზნესი
23/01/2022

მეგალაბი: პანდემიის პირობებში ჩატარებული კვლევების რაოდენობა გაოთხმაგდა

კოვიდ პანდემიამ საქართველოში ლაბორატორიების მუშაობის პრინციპი სრულად შეცვალა.

განსხვავებული რეალობის ფონზე კომპანიები არაერთი გამოწვევის წინაშე დადგნენ. გაზარდეს თანამშრომელთა რიცხვი და განახორციელეს დამატებითი ინვესტიციები.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ მულტიფუნქციური ლაბორატორია „მეგალაბის“ კლინიკური დირექტორი, ნინო ლუღათავა განმარტავს, კომპანიის ხარჯი პანდემიამდელ მაჩვენებლებთან შედარებით, 4-ჯერ გაიზარდა.

„24 საათის განმავლობაში ვმუშაობდით, თუმცა უფრო მეტი ადამიანის მობილიზება დაგვჭირდა, რადგან მომართვიანობა ძალიან გაიზარდა. ერთი დღის განმავლობაში 4 000-ზე მეტ კვლევას ვასრულებთ მაშინ, როდესაც პანდემიამდე ეს რიცხვი დაახლოებით 1 000 – 1 100 იყო. იმის მიუხედავად, რომ ჩვენი პერსონალი სრულად აცრილია, ბევრი ადამიანი მაინც დაავადდა. ამან კიდევ უფრო მეტად გაართულა ჩვენი მუშაობა. ახალი თანამშრომლები ყველა მიმართულებით დავამატეთ, როგორც რეგისტრაციაში, ასევე ანალიზის ამღები, კურიერები, კვლევების შემსრულებლები და სხვა. ამ პერიოდში 70-ზე მეტი ადამიანი დავასაქმეთ.

გავაძლიერეთ მოლეკულური ლაბორატორია, დავამატეთ მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა. სხვანაირად შეფასდა თანამშრომელთა საათობრივი დატვირთვაც, რაც რა თქმა უნდა, აისახა ფინანსურ მდგომარეობაზე. ხარჯები დაახლოებით 4-ჯერ გაგვეზარდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო როგორც პაციენტების რაოდენობა, ასევე კვლევების შემცირებულ დროში შესრულება. ამანაც გამოიწვია დამატებითი ადამიანური რესურსის მობილიზაცია“,- განაცხადა ლუღათავამ.