მეფრინველეებს დღგ-სგან პრინციპულად არ გვათავისუფლებენ - “ნოზაძის მეფრინველეობა“
ლარის გაუფასურება ისევე როგორც სხვა დანარჩენ სექტორსა და კომპანიაზე, ნეგატიურად აისახა ელგუჯა ნოზაძის მეფრინველეობაზეც. როგორც კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, კომპანია იმპორტირებულ ნედლეულს იყენებს და ლარის გაუფასურების გამო კი თვითღირებულებას ზრდის.
როგორც ბიზნესმენი აცხადებს, კომპანიამ შეძლო ეს ცვლილება პროდუქტის ფასზე ნაკლებად ასახულიყო.
„ფასი მინიმალურად გავზარდეთ, სხვა გზა არ იყო. ჩვენ რუსეთში ვყიდულობთ სიმინდს, ვიტამინების პაკეტს - ევროპაში, სოიოს - ამერიკაში. ადგილობრივად ამ ნედლეულს თითქმის ვერ ვყიდულობთ, ან ძალიან მცირე მოცულობას ვახერხევბთ. მთავრობამ სოფლის მეურნეობის ყველანაირი პროდუქტი გაათავისუფლა გადასახადებისგან, გარდა ქათმის ხორცისა და კვერცხისა. ადგილობრივი ფერმერები ადგილობრივად მოყვანილ ხორბალს საბუთის არ არსებობის გამო ვერ ვყიდულობთ. ის, ვისაც მაგალითად სიმინდი მოჰყავს, საბუთს ვერ გვაძლევს, მე კი ასეთ პროდუქტს ვერ ვიყიდი, რადგან დღგ-ს ვერ ჩავითვლი,“ - აცხადებს ელგუჯა ნოზაძე.
მისი ინფორმაციით, შექმნილ სიტუაციაში საქართველოში მოყვანილი სიმინდი ექსპორტზე სომხეთსა და ირანში გადის. „ამ ქვეყნებში ნედლეული არ იბეგრება, შესაბამისად, აწყობთ უსაბუთო პროდუქტის ყიდვა, პრობლემა არ ექმნებათ,“ - აცხადებს ელგუჯა ნოზაძემ.
ბიზნესმენი აცხადებს, რომ მეფრინველეობის დარგი დღგ-სგან გათავისუფლებას დიდი ხანია ითხოვს, თუმცა, უშედეგოდ. „პარლამენტიში, ორი კომიტეტის თანხმობა არსებობს იმაზე, რომ დავექვემდებაროთ დღგ-სგან გათავისუფლებას. ასევე არსებობს მაშინდელი ბიზნესომბუდსმენის გიორგი გახარიას და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დასკვნები, რომლებიც ფინანსთა სამინისტროში დევს. პრინციპულად არ გვათავისუფლებენ. მიზეზი არ ვიცით,“ - აცხადებს ელგუჯა ნოზაძე.
მისი ინფორმაციით, კომპანია მომავალ წელს ქსელის გაფართოებასაც გეგმავს, რაში ჯამში 300 000 -400 000 ლარის ინვესტიციას ჩადებს. ამჟამად კომპანია თბილისში ჯამში 9 ჯიხურს ფლობს.
ელგუჯა ნოზაძის მეფრინველეობა მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში მდებარეობს. ქარხნის წლიური წარმადობა 700 -800 ტონა ქათამია.