მარეგულირებელმა "კავკასუს ონლაინი" კიდევ დააჯარიმა - კომპანიას სულ ₾930 000 ეკისრება
კომპანია "კავკასუს ონლაინი" მარეგულირებელმა კიდევ ერთხელ, უკვე მესამედ დააჯარიმა.
ჯარიმის მოცულობა კვლავინდებურად მაქსიმალური, 270 000 ლარია. მიზეზი კომუნიკაციების კომისიის თანხმობის გარეშე წილების გასხვისებაა.
კომისია უკვე მეათე თვეა ამაოდ ცდილობს კომპანია წილების გასხვისებამდე არსებულ მდგომარეობას დაუბრუნდეს. წილების პირვანდელ მდგომარეობაში დასაბრუნებლად ახალი ვადა კი 20 სექტემბრით განისაზღვრა. კომისია აცხადებს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომუნიკაციების კომისია გადაწყვეტილების აღსრულებისთვის კანონით გათვალისწინებულ სხვა მექანიზმებსაც განიხილავს.
მთლიანობაში მარეგულირებელმა კომპანიის წინააღმდეგ 2019 წლის 17 ოქტომბრიდან დღემდე 6-ჯერ აამოქმედა სანქცია. მთლიანობაში კომპანია 930 000 ლარით არის დაჯარიმებული.
საქმე „კავკასუს ონლაინის“ 49%-იანი წილი კომისიისგან ფარულად გასხვისებას ეხება. მარეგულირებლისგან ფარულად კავკასუსის 100%-იანი წილის მფლობელმა ხვიჩა მაქაცარიამ წილი (49%) აზერბაიჯანელ ბიზნესმენს ნასიბ ჰასანოვს მიყიდა.
ცნობილია, რომ "კავკასუს ონლაინი" ფლობს ინტერნეტის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელს და საბითუმო ინტერნეტს აწვდის საქართველოს და რეგიონის ქვეყნებს. წილის გახსვისებას ექსპერტთა ნაწილი, ქვეყნისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევს.