"მანქანები შედარებით გაიაფებულია და ფასების მატება არც მომდევნო 2-3 კვარტალში იგეგმება"
2023 წელს ავტომობილების რეექსპორტი რეკორდულ მაჩვენებელზე ფიქსირდება. კერძოდ, მიმდინარე წლის პირველი 3 კვარტალი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდს რომ შევადაროთ, თითქმის 2-ჯერ არის გაზრდილი რეექსპორტი, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ალექსანდრე ვეკუამ - „კავკასიის ავტოიმპორტის” გაყიდვების დირექტორმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ეს ავტომობილები საქართველოდან, ძირითადად, ნაწილდება დასავლეთ აზიის, ან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. მსხვილი შემსყიდველები ისევ - ყაზახეთი, ყირგიზეთი და აზერბაიჯანი არიან.
„რაც შეეხება სანქციების მორიგ პაკეტს, მიუხედავად იმისა, რომ სანქციების ფარგლებში, ბოლო 2 თვეში, საქართველოდან რუსეთში როგორც ამერიკული, ისე ევროპული ავტომობილების ექსპორტი და რეექსპორტი აიკრძალა, ამას დარგზე დიდი გავლენა არ ჰქონია, რადგან მკვეთრად არის გაზრდილი ავტომობილების გაყიდვები აზიურ ბაზრებზე. გარდა ამისა, მუდმივად მიმდინარეობას ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიების პროცესიც, თუმცა, კარგი იქნებოდა, მარკეტინგული კუთხით, საქართველოს როგორც საავტომობილო ჰაბის, კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაცია უკვე არსებულ ბაზრებზე, სადაც ვყიდით ჩვენ მანქანებს, რადგან ჩვენი ქვეყნის ცნობადობა არც ისე მაღალია“, - განაცხადა „კავკასიის ავტოიმპორტის” გაყიდვების დირექტორმა.
ალექსანდრე ვეკუამ ადგილობრივ ბაზარზე არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამჟამად, ადგილობრივი ბაზარი გაჯერებულია ავტომობილებით, ანუ ქვეყანაში ე.წ საავტომობილო პრეფიციტია, რაც ნიშნავს იმას, რომ მიწოდება მოთხოვნას აღემატება. გადატვირთულია საბაჟო ტერმინალებიც, რაც ერთგვარ გამოწვევას წარმოადგენს სექტორისთვის.
„საავტომობილი პრეფიციტიდან გამომდინარე, ადგილობრივ ბაზარზე ავტომობილების გაძვირებას არ ველოდებით. პირიქით, წელს მანქანები შედარებით გაიაფებულია და ფასების მატება არც მომდევნო 2-3 კვარტალში იგეგმება“, - განმარტა ალექსანდრე ვეკუამ - „კავკასიის ავტოიმპორტის” გაყიდვების დირექტორმა.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის პირველ 8 თვეში ქვეყნიდან ექსპორტზე $1.368 მლრდ-ის ღირებულების მსუბუქი ავტომობილი გავიდა, რაც წლიურად 178%-იანი ზრდაა.