Lilith - ისტორიებით შექმნილი აქსესუარების ბრენდი
ქართული ბრენდი Lilith სულ რაღაც 5 წლისაა, თუმცა მოწონება უკვე დაიმსახურა, როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მომხმარებელში. ბრენდის შემქმნელი ამბობს, რომ მისი მთავარი მიზანი გოგონებს აქსესუარებით თავდაჯერებულობა და საკუთარი თავის სიყვარული შთააგონოს.
ნინო თორაძის თქმით, ბიზნესის დაწყების იდეა 2017 წელს გაუჩნდა და ამჟამად ხის ფერად გულსაბნევებს აწარმოებს, რომლის მთავარი გმირები არიან ძლიერი, საინტერესო, უნიკალური გოგონები ისტორიიდან, თანამედროვე ცხოვრებიდან, წიგნებიდან და ფილმებიდან.
„მივხვდი, რომ მინდოდა დამეწყო ჩემი ბიზნესი, რომელიც გარდა იმისა რომ ლამაზ პროდუქციას შექმნიდა, თან პოზიტიური გავლენა ექნებოდა ქალბატონებზე. დაახლოებით ერთი წელი დამჭირდა იმისთვის, რომ სახელი შემერჩია ჩემი წამოწყებისთვის, ლოგო მომეფიქრებინა, პირველი პროდუქცია განმეთავსებინა სოციალურ ქსელში. მას მერე სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტში მივიღე მონაწილეობა. ეს პროექტები ძალიან დამეხმარა დამეხვეწა იდეაც და პროდუქციაც.
თანდათან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან, კომპანიასთან, სტარტაპთან ვიწყებთ კოლაბორაციას. მოლაპარაკებები დაწყებული გვაქვს სომხეთის ერთ-ერთ სასტუმროსა და რესტორანში ჩვენი პროდუქციის განთავსება-გაყიდვის თაობაზე. ასევე, ხორვატიაში Lilith–მა დიდი მოწონება დაიმსახურა, რაც დიდი სტიმულია ბრენდის განვითარებისთვის. გულსაბნევები პოპულარულია ტურისტებშიც,“ – აღნიშნავს ნინო თორაძე.
მისივე თქმით, აქსესუარებზე მოთხოვნა არის, თუმცა კონკურენციაც საკმაოდ დიდია.
Lilith–ის პროდუქციის შეძენა მომხმარებლებს ონლაინ, სოციალური ქსელების საშუალებით შეუძლიათ. ასევე, რამდენიმე მაღაზიაში: "არტ-სიმფონია","იდეა", "სამალავი"; "ანემონე".
„ვთანამშროლობთ აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაცია „მირაბალდებთან“. სულ მალე ჩვენი ფერადი გულსაბნევები „კივი“ კაფეშიც გამოჩნდება. რაც შეეხება აქსესუარების დამზადებას, ჯერ გრაფიკულ პროგრამაში იქმნება დიზაინი, ლაზერული აპარატების დახმარებით იჭრება ხე, მუშავდება, იღებება, იპრინტება და შემდეგ მეტალის დეტალებით ვასრულებთ აწყობას. აქსესუარების ფასები 12–დან 25 ლარამდე მერყეობს. ვმუშაობთ როგორც კორპორატიულ ასევე ინდივიდუალურ შეკვეთებსაც,“ – ამბობს Lilith–ის დამფუძნებელი.
ინფორმაციისთვის, პროექტი კერძო ინვესტიციით განხორციელდა. თუმცა იდეა რამდენიმე პროექტის გამარჯებულიც გახდა და გრანტი მოიპოვა, მათ შორის იყო „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა“, “ორბელიანი მეტის“ პროექტი „მეტი ქალი მეტი შესაძლებლობა“, სადაც Lilith–მა მიღებული გრანტით ბიზნესისთვის საჭირო დანადგარები შეიძინა.