ბიზნესი
25/10/2023

ლევან ბურდილაძე: საერთაშორისო ბაზრებზე აზოტის ღირებულება დრამატულად შემცირდა

აზოტოვანი სასუქების ექსპორტი შემცირებულია. წლიური ვარდნა 40%-ს აღწევს. 2023 წლის იანვარ-სექტემბერში 123 მლნ დოლარის ღირებულების აზოტოვანი სასუქი გავიდა ექსპორტზე. კლების მიუხედავად, აზოტოვანი სასუქები საქართველოს ძირითად საექსპორტო კალათაში მეექვსე ადგილზეა.

როგორც, „რუსთავის აზოტის“ დირექტორის მოადგილემ გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი 2-ზე“ საუბრისას აღნიშნა, მიღებული შემოსავალის კლება ძირითადად თავად პროდუქციის ღირებულების ვარდნითაა განპირობებული. მოცულობებში კი აზოტის ექსპორტის მაჩვენებლები გაზრდილია.

„ჩვენი საწარმო  სრული დატვირთვით მუშაობს. თანხობრივად ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი  შემცირებულია, თუმცა მოცულობაში პროდუქციის ექსპორტი  გაზრდილია. საერთაშორისო ბაზრებზე აზოტის ღირებულება გასულ წელთან შედარებით დრამატულად დაეცა. თუ  შარშან 320 ათასი ტონა აზოტოვანი სასუქები გავიდა ექსპორტზე, წელს ათი თვის განმავლობაში 350 ათას ტონაზე მეტია ექსპორტირებული.  თუმცა, იმის გამო რომ ფასები დაბალია,  თანხაში ეს კლებას აჩვენებს.“-აღნიშნა ლევან ბურდილაძემ.

მისივე თქმით, საერთაშორისო ბაზარზე აზოტოვანი სასუქების გაიაფების მიზეზი რამდენიმეა.  მათ შორის  რუსეთ-უკრაინის ომი და ბუნებრივი აირის ფასის კლება.

„რუსი მწარმოებლების მიმართ დაწესებული სანქციების გამო, ისინი დემპინგურ ფასებად ყიდიან პროდუქციას სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის: - პაკისტანში, ინდოეთში,  ბრაზილიაში. ამან გავლენა მოახდინა აზოტოვანი სასუქების ფასებზე. გარდა ამისა, გაზის გაიაფებამაც იმოქმედა ღირებულების კლებაზე. როდესაც ნედლეულის ფასი იაფდება საბოლოო პროდუქტის ღირებულებაც იკლებს.“-აღნიშნა ლევან ბურდილაძემ.

რაც შეეხება მოლოდინებს, „რუსთავის აზოტში“ აცხადებენ , რომ აზოტოვან სასუქებზე მოთხოვნა დაკავშირებულია საგაზაფხულო სამუშაოებთან.

„ვფიქრობთ, ნედლეული გაძვირდება, რაც გამოიწვევს საბოლოო პროდქტის გაძვირებასაც. ამასთან, გაზაფხულისთვის ფერმერებს დაჭირდებათ სასუქების  მომარაგება,  რაც ბუნებრივია,  მოთხოვნას გაზრდის, ეს კი ფასის მატებას გამოიწვევს, თუმცა გაძვირება  არ იქნება მნიშვნელოვანი.“- აღნიშნა ლევან ბურდილაძემ.

მისივე განმარტებით, კომპანიისთვის საექსპორტო ბაზრებიდან სტრატეგიული ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტია. ასევე „რუსთავის აზოტის“ მიერ წარმოებული პროდუქტი სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის ქვეყნებში იყიდება.

„უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ვერცერთი ტონა ვერ გავყიდეთ ამ ქვეყანაში. ახლაც გვაქვს გარკვეული შემოთავაზებები, ურაინაში შემოვლითი გზებით შეტანის სურვილი არის,  მაგრამ საფრთხის შემცველია და ჩვენ უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე მაინც თავს ვიკავებთ.“-აღნიშნა ლევან ბურდილაძემ.

Businesspartner