ლაშა პაპაშვილი: 35 წელია ქვეყანაში უძრავ ქონებაზე ფასი არ იცვლება
კომპანია „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი FDI-ზე „საქსტატის“ გამოქვეყნებულ მაჩვენებლებს აფასებს და აცხადებს, რომ პანდემიურ წელს მშენებლობის სექტორში ინვესტიციების შემცირება ბუნებრივია. ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ სამშენებლო ინდუსტრიაში ინვესტიციების საცხოვრებელი ბინების მიმართულებით ზრდას არ ისურვებდა.
„2021 წელს, ჯერ კიდევ პანდემიის პერიოდში ვართ, ევროპა მესამე ტალღას ელოდება, ამიტომ უნდა მოვემზადოთ, ეს ძალიან კარგი დროა იმისთვის, რომ სახელმწიფო და ბიზნესი მოემზადოს და უამრავი პრობლემა, რომელიც ექმნება ლოკალურ ინვესტორს (FDI-ია, როცა მე ვახორციელებ ინვესტიციაას, არ აქვს მნიშვნელობა უცხოური ინვესტიციაა თუ მე შემომაქვს უცხოეთიდან, დაფინანსებას თუ მოვიპოვებ იგივეა), მათ შორის ბიუროკრატიული, მოაგვაროს.
გასასწორებელია სხვადასხვა შეზღუდვა. მთავრობის ზოგიერთი წევრი პირდაპირ ეწინააღმდეგება ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლას, თვლიან, რომ არ არის საჭირო. ფინანსთა სამინისტროში, ეროვნულ ბანკში კონკრეტული ჯგუფები მიიჩნევენ, რომ FDI-ი საქართველოში საჭირო არ არის. ამას კი ხსნიან ასე, რომ ინვესტორს შემოაქვს ინვესტიცია და მოგებით უკან გააქვს. ესეთი ხედვა სასაცილოა. არადა, მინისტრი იქნები თუ მისი მოადგილე ამოცანა უნდა იყოს, რომ სწორი და კარგი ინვესტორი ქვეყანაში გრძელვადიანად დატოვო. ეს არის ამოცანა,“ - აცხადებს პაპაშვილი.
„რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ არ არის სწორი მიდგომა, როდესაც თვლიან, რომ გააქტიურებული მშენებლობები ინვესტიციების მოზიდვის მაჩვენებელია.
„გრძელი და სწორი ინვესტიციები მოიზიდება უმკაცრესი რეგულაციებით. რაც უფრო იმატებს უძრავი ქონების ფასი ქვეყანაში, ყველა სექტორს წაადგება ეს. ჩვენ შეიძლება ბევრი ფული არ გვაქვს, მაგრამ ყველას გვაქვს, ყველა მოქალაქეს გარკვეული ქონება/აქტივი, სოფლად თუ ქალაქად. მათი ფასი კი წლიდან წლამდე მცირდება, ხალხი ქვეყნიდან გადის, არაფერი არ გააჩნიათ. როგორც კი რეგულაციები იქნება უმკაცრესი, არ ვგულისხმობ ვიღაცის გაგდებას ან დაჭერას, ვგულისხმობ სამშენებლო და არქიტექტურულ რეგულაციებს სოფლად და ქალაქად. ყველაზე უფრო სოფელი მიყვარს და არ მინდა, რომ იქ „ჯღანი“ სახლები შენდებოდეს. ითვლება, რომ რადგან რეგიონია, ვისაც რა უნდა ოღონდ ფული ნახოს, მოვა და ააშენებს. ასე არ შეიძლება, ულამაზესი რეგიონები გვაქვს და ყველაზე მეტად ჯერ კიდევ ეგენი არიან დაცულები, რომ ის არ დაემართათ, რაც თბილისს. რეგულაციებია საჭირო, რომ უძრავი ქონების ფასმა ზრდა დაიწყოს. უკვე 35 წელია ერთი და იგივე ფასი აქვს ჩვენს ქვეყანაში უძრავ ქონებას, რაც მაჩვენებელია იმისი, რომ ეს პროცესი არასწორად ვითარდება,“ - აცხადებს პაპაშვილი.
შეგახსენებთ, პანდემიურ 2020 წელს უცხოელი ინვესტორებისთვის ყველაზე მიმზიდველი საფინანსო სექტორი აღმოჩნდა.
საქსტატის ინფორმაციით, სწორედ საფინანსო სექტორზე მოდის 2020 წელს ქვეყანაში შემოსული ინვესტიციების თითქმის 65%. ამ სექტორში 400 მლნ დოლარი უცხოური კაპიტალი ჩაიდო. მეორე ადგილზეა სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორი 101.5 მლნ დოლარით, მესამეზე - უძრავი ქონების სექტორი, 71.8 მლნ დოლარით; მას მოსდევს დამამუშავებელი მრეწველობა - 68,1 მლნ-ით, TOP 5-ში ბოლო პოზიციაზე მშენებლობაა.