ბიზნესი
10/11/2021

კვლევა: პანდემიის პერიოდში, ბიზნესის გაციფრულების დონე მხოლოდ 5%-ით გაიზარდა

ბიზნესთან დაკავშირებული ტრანზაქციების გაციფრულების დონე, პანდემიის მიუხედავად, მცირედ გაიზარდა.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის "ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელმა" (OECD/INFE) 2021 წლის საერთაშორისო კვლევით ონლაინ აქტივობებთან მიმართებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ყოფილა. "ეს შესაძლოა იმის მანიშნებელიც იყოს, რომ მცირე ზომის კომპანიები პროდუქტის რეალიზაციისთვის ონლაინ არხებს ნაკლებად იყენებენ", - აღნიშნულია კვლევაში.

კვლევაში მითითებულია, რომ პანდემიამდე, ანუ 2019 წლის ბოლოსთვის, საქართველოში ბიზნესების მხოლოდ 25%-ს ჰქონდა სპეციალური ვებგვერდი, სადაც აღწერილი იყო კომპანიის პროდუქცია ან მომსახურება. პანდემიის შემდეგ კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 5%–ით გაიზარდა.

რაც შეეხება გაციფრულების ქულას, ის ეფუძნება ისეთ მაჩვენებლებს როგორებიცაა: ბიზნესის ფინანსურ პროდუქტებთან დაკავშირებული ონლაინ აქტივობები, გაყიდვებსა და საოპერაციო საქმიანობასთან დაკავშირებულ ონლაინ აქტივობები, როგორიცაა ვებგვერდის ფლობა, პროდუქციის გაყიდვები ვებგვერდიდან და ა.შ.

გაციფრულების მაჩვენებელში საქართველოს 100 შესაძლოდან 13 ქულა აქვს იმ კომპანიების შემთხვევაში, რომელთაც 9 თანამშრომლამდე ჰყავთ და 32 ქულა ისეთი კომპანიების შემთხვევაში, რომელთა თანამშრომლების რაოდენობა 10-დან 50-მდეა.

პირველ შემთხვევაში, გაციფრულების ქულა მნიშვნელოვნად ჩამორჩება ყველა ქვეყნის საშუალოს, რაც 26 ქულაა, ხოლო 10-დან 50- მდე თანამშრომლის შემთხვევაში კი თითქმის უტოლდება ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს, 33 ქულას.