ქვეყნაში არსებული საფუტკრე მეურნეობების აღრიცხვა იწყება
საფუტკრეების იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია იწყება. როგორც „ბიზნეპარტნიორს“ სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, პროცესი აქტიურ ფაზაშია და აღირიცხება ყველა ის ბიზნესოპერატორი, რომელიც ქვეყანაში საფუტკრე მეურნეობას ფლობს.
„იცით, რომ არსებობს დიენტიფიკაცია-რეგისტრაციის ელექტრონული სისტემა, რომელშიც გაერთიანებულია მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მონაცემები. ამ სისტემას ახლა საფუტკრეები უერთდებიან და აღირიცხებიან ის ბიზნესოპერატორები, რომლებიც ქვეყანაში საფუტკრეებს ფლობენ. ეს საჭიროა მიკვლევადობისთვის, რათა ზუსტი სტატისტიკა გვქონდეს თუ რამდენი ბიზნესოპერატორია, და რა თქმა უნდა, უვნებლობისა და ფუტკრის ჯანმრთელობის კონტროლისთვის“ - განუცხადა „ბიზნესპარტინორს“ სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანა გემაზაშვილმა.
მისივე თქმით, პროცესი უკვე დაწყებულია. მსურველები სააგენტოს მიმართავენ და სისტემაში რეგისტრირდებიან.
ამასთან, იმის მიუხედავად, რომ თაფლის მწარმოებლების რაოდენობის შესახებ ჯერჯერობით, ზუსტი მონაცემები არ არსებობს, როგორც სააგენტოში აცხადებენ, ბაზარზე არსებული თაფლის ნიმუშები შერჩევითად მოწმდება და ხარისხობრივი ნაჩვენებლები გაზრდილია.
„ჩვენ შეტანილი ვართ მესამე ქვეყნების ნუსხაში, საიდანაც დაშვებულია ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი. ეს მოცულობები ყოველ წელს იზრდება. იზრდება იმ ქვეყნების რაოდენობაც, რომლებიც დაინტერესებული არიან ქართული თაფლით. თავიდან ჩვენი მოტივაცია იყო, რომ ექსპორტის პოტენციალი გაგვეზარდა. თუმცა, ჩვენი შრომიდან ის შედეგი მივიღეთ, რომ პირველად წარმოებასთანაც გავაძლიერეთ ვეტერინარული კუთხით თანამშრომლობა, აიკრძალა ქვეყანაში ისეთი ვეტერინარული პრეპარეტების გამოყენება, რაც აკრძალული იყო ევროკავშირში.
შესაბამისად, გაჯანსაღდა პირველადი წარმოებაც. ეს ყველაფერი აისახა თაფლის კვლევის შედეგებზეც. რომ გადავხედოთ შეუსაბამობების დინამიკას, ვნახავთ, რომ 2016 წელს თუ 30%-იანი შეუსაბამობა გვქონდა, ნელ-ნელა შემცირდა ისე, რომ სამი წლის წინ 100-დან 11 შემთხვევაში იყო დარღვევა, შარშან ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა. წელს მხოლოდ 2%-ია შეუსაბამობა გამოკვლეული ნიმუშავებიდან. ეს ნიშნავს რომ პირველადი წარმოების დონე გაჯანსაღდა“ - აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანა გემაზაშვილი.