კონკურენციის სააგენტო: საწვავის 55% ევროპიდან, 45% რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქმენეთიდან შემოვიდა
ქვეყანაში იმპორტირებული საწვავის 55% ევროპულია, 45%-ის იმპორტი კი ხორციელდება რუსეთის ფედერაციიდან, აზერბაიჯანიდან და თურქმენეთიდან. ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს 2022 წლის იანვარ-აპრილის შუალედურ მიმოხილვაშია ნათქვამი.
სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში, ქვეყანაში 22 ეკონომიკური აგენტის მიერ განხორციელდა 385 678 ათასი ლიტრი ბენზინისა და დიზელის იმპორტი.
საერთო იმპორტის 35.9% შეადგინა დიზელის ტიპის საწვავმა, ხოლო 64.1% - ბენზინის. ბენზინის ტიპის საწვავიდან, ყველაზე მოთხოვნად სახეობას წარმოადგენდა რეგულარის მარკის საწვავი - საერთო იმპორტის 38.4%.
"ლარის კურსის გაუფასურების და საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდის
ყველაზე მაღალი ნიშნული დაფიქსირდა 8 მარტს, რის შემდეგაც ლარი 40-45 პუნქტით გამყარდა. რაც შეეხება ნავთობის ფასს, ამ კუთხითაც ფიქსირდება 12% იანი შემცირება. ლარის გამყარებისა და ნავთობის ფასის შემცირების, როგორც საწვავის იმპორტის ფასზე ზეგავლენის მქონე ფაქტორების გაერთიანების შედეგად, 8 მარტთან შედარებით 30 აპრილის მდგომარეობით, პლატსის ფასი ლარში შემცირებულია 18%-ით, თუმცა ფასი კვლავ რჩება მაღალ ნიშნულზე და ამავე წლის იანვრის თვესთან შედარებით, ზრდა შეადგენს საშუალოდ 41%-ს", - აღნიშნულია მიმოხილვაში.
როგორც კონკურენციის სააგენტოში აცხადებენ, რუსეთიდან იმპორტირებული საწვავი გამოირჩევა მნიშვნელოვნად დაბალი თვითღირებულებით
ევროპის ქვეყნებიდან იმპორტირებულ საწვავთან შედარებით, თუმცა მსხვილი კომპანიების შემთხვევაში, საცალო ფასი განსაზღვრულია ევროპის ქვეყნებიდან იმპორტირებული საწვავის იდენტურ ნიშნულზე. თვითღირებულებაში სხვაობა შეადგენს საშუალოდ 30-60 თეთრს, 1 ლიტრი რეგულარის მარკის საწვავზე.
"რაც შეეხება ევროპის ქვეყნებიდან, კონკრეტულად კი რუმინეთიდან იმპორტირებულ საწვავს, გარდა პირდაპირი იმპორტისა, საქონლის მოთავსება შესაძლებელია საბაჟო საწყობში დროებითი შენახვის რეჟიმში, რა დროსაც საქონელი არ არის მოქცეული თავისუფალი მიმოქცევის რეჟიმში და არ არის გადახდილი საბაჟო გადასახადები - დღგ და აქციზი. საქონლის ქვეყანაში შემომტან კომპანიას, შეუძლია პროდუქციის რეალიზება მოახდინოს უშუალოდ საბაჟო საწყობიდან და შემძენის მიერ მოხდება საქონლის მოქცევა კონკრეტულ - იმპორტის პროცედურაში", - აცხადებენ კონკურენციის სააგენტოში.
სააგენტოს ინფორმაციით, რუმინეთიდან საწვავის იმპორტს ახორციელებს მხოლოდ 1 ეკონომიკური აგენტი, რომელიც საცალო ქსელში პროდუქციის გატანის მიზნებისთვის იმპორტის პროცედურაში ძირითადად აქცევს მაღალი თვითღირებულების მქონე საქონელს. ხოლო საბაჟო საწყობიდან ქვეყანაში მოქმედ სხვა ეკონომიკურ აგენტებზე საბითუმოდ ახორციელებს იმ მარაგის რეალიზაციას, რომელიც გამოირჩევა დაბალი თვითღირებულებით (მსგავსი სხვაობა 2022 წლის მარტი-აპრილის პერიოდში, 1 ლიტრი საწვავის დონეზე შეადგენდა საშუალოდ 40 თეთრს).
"საქართველოს მსგავსად, ბულგარეთსა და რუმინეთში, 1 ლიტრი საწვავის ფასი იანვარი-მარტის პერიოდში საშუალოდ 20-26 ცენტით გაიზარდა. თუმცა, საქართველოსგან განსხვავებით, აპრილის თვეში, შეინიშნება ფასის დაახლოებით 6-8 ცენტიანი შემცირება", - აღნიშნულია მიმოხილვაში.
კონკურენციის სააგენტოში ამბობენ, რომ მსხვილ კომპანიებსა და მცირე ქსელებს შორის საცალო ფასწარმოქმნის კუთხით არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი განსხვავება, კერძოდ, ერთი და იმავე ტიპის საწვავზე ფასი შესაძლოა განსხვავებული იყოს 30-50 თეთრით 1 ლიტრზე და ამავდროულად განსხვავებულია ფასის ცვლილების დროითი შუალედები.
"ის ფაქტი, რომ ბაზარზე ხელმისაწვდომია მსგავსი და რიგ შემთხვევებში იდენტური საწვავი გაცილებით დაბალ ფასად, მომხმარებლისთვის დამატებით ბენეფიტს წარმოადგენს, თუმცა არა მათი უმრავლესობისთვის. სხვაობა მსხვილ ქსელებსა და მცირე ქსელების სეგმენტს შორის, უშუალოდ საწვავის მიმართულებით, შესაძლოა იყოს რამდენიმე (არა აუცილებლად), კერძოდ: მსხვილ ქსელებში ხელმისაწვდომი საწვავი შესაძლოა შეიცავდეს კონკრეტულ დანამატებს, რასაც მათივე ინფორმაციით დადებითი ეფექტი გააჩნია საწვავის მოხმარებაზე, წარმადობის ზრდაზე, ეკოლოგიაზე და ა.შ. „ბრენდირებული“ და „არაბრენდირებული“ ავტოგასამართი სადგურები მიღებულ პრაქტიკას წარმოადგენს სხვადასხვა ქვეყნებში, თუმცა, საქართველოს შემთხვევაში, მაღალია სხვაობა ფასებს შორის. მაგალითად, აშშ-ში
„ბრენდირებულ“ და „არაბრენდირებულ“ ავტოგასამართ სადგურებს შორის საფასო სხვაობა მერყეობს 5-15 ცენტის ფარგლებში 1 გალონ საწვავზე, რაც შეადგენს 4-12 თეთრს 1 ლიტრზე, ხოლო საქართველოს შემთხვევაში სხვაობა შეადგენს საშუალოდ 30-50 თეთრს 1 ლიტრზე",- აღნიშნულია მიმოხილვაში.