ბიზნესი
20/04/2021

"კოდა": კვერცხის რეალიზაცია ინდუსტრიაში 140 მლნ-ით შემცირდა

მეფრინველეობის კომპანია „კოდას“ დირექტორი ზურაბ ჭუჭულაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“  ლარის არსტაბილურობაზე და მის გავლენაზე საუბრობს და  აცხადებს, რომ იმ პირობებში, როდესაც ეროვნული ვალუტა ყოველდღიურად უფასურდება, პროგნოზების გაკეთება რთულია და საინვესტიციო პროექტების განხორციელება შეუძლებელი.

მისი განცხადებით, კომპანიამ 2021 წლის იანვარში ლარის  მკვეთრი გაუფასურების გამო პროდუციაზე (კვერცხი, ქათამის ხორცი) ფასები დაახლოებით 15%-ით გაზარდა, თუმცა, თუ დოლარის  ოფიციალური კურსი 3,5-იან ნიშნულს გადასცდება, კომპანიას ფასების გადახედვა ისევ მოუწევს.

„ზოგადად, ძალიან რთული სიტუაციაა, ყოველდღიურ რეჟიმში გვეზრდება იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასი. სიმინდი, ხორბალი რუსეთიდან შემოდის, ევროპიდან შემოდის სხვადასხვა ვიტამინი და ვაქცინა, ყოველდღიურად გვეზრდება ფასები საკვებზე და დანარჩენ სხვა პროდუქტზე. რაც შეეხება შესაფუთ მასალებს, პირდაპირ მიბმულია დოლარის კურსზე. აქედან გამომდინარე, გრძელვადიან პერიოდზე პროგნოზებს და გათვლებს ვერ ვაკეთებთ,“ - აცხადებს ჭუჭულაშვილი.

მისი განცხადებით, შექმნილი სიტუაცია მეტ-ნაკლებად აისახა რეალიზაციის მაჩვენებელზეც. განსაკუთრებით, ქათმის ხორცზე, რომლის გაყიდვების მაჩვენებელიც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 15%-ით არის შემცირებული. კვერცხის რეალიზაცია კი 5-6%-ითაა შემცირებული.

„რეალიზაციის მაჩვენებლის შემცირება მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის შემცირებასთან 100%-ით არ არის დაკავშირებული. ჩვენ გასულ წელს დაახლოებით, 8 მილიონის ტურისტი დავკარგეთ. წელსაც იგივე პროპორციაა. აქედან გამომდინარე, ამ თვალსაზრისით წარმოება ისედაც შემცირებული გვაქვს. წელს „კოდამ“ და ზოგადად ინდუსტრია წარმოება დაახლოებით 12-15%-მდე შეამცირა.

8 მილიონი ტურისტი ნიშნავს,ინდუსტრიისთვის ყოველდღიურად (დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში, რადგან ტურისტი ქვეყანაში დაახლოებით  ეს პერიოდი რჩება)  დაახლოებით 10 მილიონი კვერცხის მოხმარებას.   ტურისტულ სექტორში, სასტუროებში, ყოველ დილით საუზმეზე არის კვერცხი, მიბმულ პროდუქტებს რომ თავი  დავანებოთ. ინდუსტრიამ  ყოველდღიურად დაახლოებით  10 მილიონი კვერცხის რეალიზაცია დაკარგა. საუბარია, ჯამში 140 მილიონ კვერცხზე. ჩვენი წილი აქ დაახლოებით  30 %-ია. ეს წლევანდელ წარმოებაში ჩადებული გვაქვს,“ - აცხადებს ჭუჭულაშვილი.

მისივე თქმით, 2020 წელს გაყიდვების მაჩვენებელი დაბალი იყო.

"ჩვენი პროდუქტი მალფუჭებადია და იძულებულები ვიყავით პროდუქცია საკმაოდ დაბალ ფასად გაგვეყიდა. შარშანდელი წელი ფაქტობრივად ზარალით დავასრულეთ. წელს არ ვიცი რა იქნება, თუ მთავრობა მოგვცემს იმის უფლებას, რომ ტრადიციულად ყველამ შეძლოს სასაფლაოებზე გასვლა, ჩვენი გაყიდვებიც არ შემცირდება,“ - აცხადებს ჭუჭულაშვილი.

„კოდა“ წლიური წარმადობა 65 მილიონი ცალი კვერცხია, ქათმის ხორცი კი წლის განმავლობაში 1000 ტონის ფარგლებში იწარმოება.