ბიზნესი
15/03/2022

ხიშტოვანი: დიდი რისკია, რომ რუსულმა კომპანიებმა საქართველოდან დეზინფორმაცია აწარმოონ

საერთაშორისო სოლიდური კომპანიების უმრავლესობამ რუსეთთან თანამშრომლობაზე უარი უკვე თქვა. 

მათი ნაწილი აგრესორი ქვეყნიდან საკუთარი წარმოების სხვა ქვეყნებში გადატანაზეც დაფიქრდა. ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ ეს საქართველოსთვის ერთგვარი შესაძლებლობაა, რომელიც ქვეყანამ აუცილებლად უნდა გამოიყენოს.

"შესაძლებლობები ჩნდება. ფაქტობრივად, არ არსებობს მსხვილი კომპანია, რომელმაც არ გაწყვიტა თავისი ურთიერთობები რუსეთთან. შესაბამისად, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ზოგ შემთხვევაში კონკრეტული მწარმოებელი შეიძლება წარმოების სხვა ქვეყანაში გადატანას განიხილავდეს. ზოგადად, რეგიონშია საკმაოდ დაძაბული ვითარება. აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყვით, რომ ყველა, ვინც რუსეთიდან გასვლა გადაწყვიტა, წარმოების სამეზობლოში გადატანას გადაწყვეტს. თუმცა, შესაძლებლობები მაინც ჩნდება და ეს კარგად უნდა გავაანალიზოთ, რათა მცირე სარგებელი მაინც ვნახოთ აქედან",- განაცხადა "ბიზნესპარტნიორთან" PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა, გიორგი ხიშტოვანმა. 

მისი შეფასებით, საქართველოს საერთაშორისო კომპანიების მოზიდვის პოტენციალი რამდენიმე სექტორში აქვს. მათ შორის ტრანსპორტი და ვაჭრობა და IT მიმართულება ყველაზე აქტუალურია. 

"ჩვენ საკმაოდ ხელსაყრელი სავაჭრო რეჟიმები გვაქვს, როგორც დასავლეთით, ისე აღმოსავლეთით. ამ შემთხვევაში ტრანსპორტისა და ვაჭრობის თვალსაზრისით საქართველო შეიძლება საინტერესო გახდეს ევროპელებისა და ჩინელებისთვის. აგრეთვე,  ჩვენი ქვეყანა ძალიან საინტერესოა IT მიმართულებითაც. უბრალოდ, აქ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რადგან რუსეთი ცნობილია, როგორც სხვადასხვა არხით მსოფლიოში დეზინფორმაციის გამავრცელებელი. ამიტომ საქართველოს ბაზარზე რუსული, ან რუსეთთან აფილირებული კომპანიების შემოშვებისას ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. არსებობს მაღალი რისკი, რომ ჩვენი ტერიტორიიდან დეზინფორმაცია აწარმოონ",- განაცხადა PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა. 

ხიშტოვანის თქმით, აუცილებელია ამ პროცესში მთავრობა და ადგილობრივი ბიზნესი აქტიურად ჩაერთონ და საერთაშორისო კომპანიებთან მოლაპარაკებებიც აწარმოონ. 

"მთავრობის ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამის კომპანიებთან აქტიური კომუნიკაცია. თანამშრომლობასთან დაკავშირებული შეთავაზებები და შეღავათების შეთავაზება, რათა კონკრეტულმა კომპანიამ საქართველოსთან თანამშრომლობა განიხილოს. 

სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებით ბიზნესიც უნდა დაინტერესდეს. როგორც წესი, ინვესტორი ხშირად პარტნიორდება ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან და ქვეყანაში მისი შემოსვლის არხი სწორედ ეს არის. უკრაინაში ვითარების დასტაბილურება ჩვენი პრიორიტეტია, თუმცა მთავრობამ მაინც უნდა გამოიჩინოს პროაქტიულობა",- აღნიშნა მან. 

გოგა ხიშტოვანი ფიქრობს, რომ შესაძლებლობების მიუხედავად საქართველოში ახალი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით არაერთი ბარიერია. მათ შორის, ქვეყნის მიმართ შემცირებული ნდობა. 

"საქართველოში ინვესტიციების თვალსაზრისით საკმაოდ მძიმე ბიზნეს კლიმატია. შეჩერებულია რამდენიმე მსხვილი ინვესტიცია, მათ შორის ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი, როგორც სანდრო პარტნიორის რეპუტაცია შემცირებულია. ამიტომ უცხოელი ინვესტორებისთვის უნდა დავფიქსირდეთ, როგორც სანდო ქვეყანა. ამისთვის კი საერთაშორისო ასპარეზზე აქტიურობაა",- განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.