"კავკასიის ფერები" რეგიონებში სამღებრო სასწავლებლებს გახსნის
ეკო ქსოვილების მწარმოებელი სტარტაპი „კავკასიის ფერები“ უახლოეს მომავალში საქართველოს რეგიონებში სამღებრო სასწავლებლების გახსნას გეგმავს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი ნინო იოსელიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ეს ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნასა და ქვეყნის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე.
დამატებით დეტალებზე იოსელიანი ამ ეტაპზე არ საუბრობს, თუმცა, აღნიშნავს, რომ პროექტის განსახორციელებლად მუშაობა აქტიურ ფაზაშია.
მისი განცხადებით, საერთაშორისო მასშტაბით, ეკო სამოსზე მოთხოვნა მზარდია, პროდუქტი კი დეფიციტური, რაც საქართველოს ამ მიმართულებით, საერთაშორისო ასპარეზზე სათანადო ადგილის დაკავების უნიკალურ შესაძებლობას აძლევს.
„სწორედ ახლა არის იდეალური დრო, რომ საქართველოში ეს ინდუსტრია განვავითაროთ. მსოფლიოში ეკო სამოსზე მოთხოვნა სულ უფრო მზარდია, მაგრამ იმისთვის, რომ საექსპორტო მოთხოვნების დაკმაყოფილება შევძლოთ მეტი ადამიანი გვჭირდება, ვინც ამ პროფესიას დაეუფლება. ახლა ვაპირებთ, ამ მიმართულებითაც გადავდგათ ნაბიჯები და ჩვენი ცოდნა რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავუზიაროთ,“ - აცხადებს ნინო იოსელიანი.
ცნობისთვის, 2019 წელს, GITA-ს გრანტით შექმნილმა სამღებრომ, ტრადიციული ღებვის რეცეპტები და ტექნოლოგიები აღადგინა, გაათანამედროვა და ბაზარზე ეკო სამოსი შემოიტანა.
„კავკასიის ფერები“ ბუნებრივი საღებავებით ნატურალურ ქსოვილებს - აბრეშუმს, ბამბასა და შალს ღებავს. ტრადიციულ ღებვაში კი ისეთ სამკურნალო მცენარეებს - ყვავილებსა და მინერალებს იყენებს, როგორებიცაა მაგ. ევკალიპტი, გვირილა, ენდროს ფესვები, გულყვითელა.