ქართული მობილური თამაშის, Kartvelian Legends-ის, ბეტა ვერსია გლობალურ ბაზარზე იანვარში გაეშვება
ახალი ქართული მობილური თამაშის, Kartvelian Legends-ის, ბეტა ვერსია გლობალურ ბაზარზე იანვარში გაეშვება.
თამაშში ქართული მითოლოგიისა და ზღაპრის 15 პერსონაჟი იქნება გაცოცხლებული და აპლიკაციის სახით App Store-სა და Google Play-ზე იქნება ხელმისაწვდომი. Kartvelian Legends-ის სამიზნე აუდიტორია 9-დან 38 წლამდე ადამიანები არიან.
როგორც Kartvelian Legends-ის შემქმნელები „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებენ, თამაში ახლა პროტოტიპირების ეტაპზეა. იქმნება პერსონაჟები და დაწყებულია თამაშის რეალური კადრირება, რაშიც გუნდს GITA-ს 25 000 ლარიანი რეგიონალური გრანტი ეხმარება.
ქართულ თამაშს, სადაც მოვლენები ერთ რუკაზე ვითარდება და მოთამაშეების მიზანი თვითგადარჩენაა, როგორც სოლო, ასევე რამდენიმე მოთამაშის რეჟიმი ექნება.
მათივე თქმით, თამაშის მიმართ ინტერესი უკვე გაჩნდა და მოლოდინები, როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ ბაზარზე, პოზიტიურია.
„ადგილობრივ ბაზარზე მომხმარებელი უკვე გველოდება. რაც შეეხება გლობალურ ბაზარს, ძირითადად ფოკუსირებას აზიისა და ევროპის რეგიონებზე ვაკეთებთ. ველოდებით დადებით გამოხმაურებას, რადგან მსგავსი ტიპის თამაშები ამ რეგიონებში ძალიან პოპულარულია,“ - აღნიშნავს Kartvelian Legends - ის დეველოპერი, მზეო დევაძე.
ქართული თამაში ყველა მომხმარებლისთვის უფასო იქნება.
შემოსავლის მიღებას გუნდი თამაშში ინტეგრირებული რეკლამებითა და იმ ნივთებისა და სკინების რეალიზაციით ელის.