ქართული ბოტანიკური სასმელი "კაი" ექსპორტზე გასასვლელად ემზადება
პირველი ქართული ბოტანიკური სასმელი „კაი“ ექსპორტზე რუსეთსა და ყაზახეთში გავა. მხარეებს სატესტო ნიმუშები უკვე გაეგზავნათ. მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს თურქულ მხარესთანაც.
გამაგრილებელი სასმელი ქართველი მეცნიერების მიერ შემუშავებული ფორმულით შეიქმნა და ალპური კავკასიონის 16 მცენარისგანაა დამზადებული.
„რებრენდინგის პროცესმა ცოტა შეგვაფერხა, თუმცა ახლა უკვე პროცესი დავასრულეთ და გადავდივართ აქტიურ მუშაობაზე. ახლა ვმასპინძლობთ რუსულ მხარეს, რომელთანაც საბოლოო კომუნიკაციას გავდივართ და ივნისში ალბათ პირველ პარტიას გავაგზავნით. ჩვენ ძველ პარტნიორებთან მოლაპარაკებები განვაახლეთ ყაზახეთშიც. სატესტო ნიმუშები გაგზავნილი გვაქვს და დიდი მოწონება დაიმსახურა. ამ ეტაპისთვის თვეში დაახლოებით 150 000 ბოთლს ვაწარმოებთ მხოლოდ ქართული ბაზრისთვის თუმცა იმედი გვაქვს, უკვე შემოდგომაზე ექსპორტის საკითხის დარეგულირების შემდეგ ამ ციფრს გავასამმაგებთ," - ამბობს "კაის" მენეჯერი ნინო ბაკურაძე.
ამ ეტაპზე სასმელს კომპანია პარტნიორ საწარმოში ამზადებს, თუმცა უკვე შერჩეულია ტერიტორია, სადაც ახალი ქარხანა აშენდება. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ ფინანსების დროულად მოძიების შემთხვევაში 10 მილიონ დოლარამდე ინვესტიციით საკუთარ საწარმოში მომავალი წლისთვის 200-მდე ადამიანს დაასაქმებენ.
„შევიძინეთ მიწა ბულაჩაურში, რადგან იმ ზონაში საკმაოდ კარგი წყალია რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანი დეტალია. მშენებლობა იქიდან გამომდინარე, რომ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული ჯერ არ დაგვიწყია, თუმცა ფინანსების მოძიების ეტაპზე ვართ და ვფიქრობთ, ამ საკითხს მალე მოვაგვარებთ. საკმაოდ დიდი საწარმო იქნება ვინაიდან გვჭირდება მინიმუმ 3 წარმოების ხაზი: პეტის, შუშის და ქილის წარმოებისთვის. საშუალოდ ჩვენი გათვლებით 10 მლნ დოლარამდე ინვესტიცია დასჭირდება მხოლოდ საწარმოს აღჭურვას. ვფიქრობთ, მომავალი წლის გაზაფხულზე დავიწყებთ სამუშაოებს.“- ამბობს ნინო ბაკურაძე.
ამ ეტაპზე „კაის“ ბრენდის ქვეშ 2 სახეობის სასმელი შედის - კლასიკური და საფერავი, თუმცა შემოდგომაზე წარმოებაში გაეშვება დიაბეტური ხაზიც.