“ქართულ საზოგადოებაში ხელნაკეთი ფეხსაცმელი საკმარისად დაფასებული არ არის“ - Shoesofrenia
ქართული ხელნაკეთი ფეხსაცმლის სახელოსნო Shoesofrenia საერთაშორისო ბაზარზე თავის დამკვიდრებას კიდევ უფრო აქტიურად გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ ფეხსაცმელი მსოფლიოს ოთხ ქვეყანაში უკვე იყიდება, კომპანიაში აცხადებენ, რომ უფრო მასშტაბური ხელმისაწვდომობის რესურსი და შესაძლებლობა აქვთ.
2020 წელი ბრენდისთვის ნაყოფიერი აღმოჩნდა - ფეხსაცმლის საერთაშორისო გამოფენაზე (MICAM MILANO FW 2020-2021) „შუზოფრენია“ Luxury-ის კატეგორიაში John Galliano-ს, TRUSSARDI-ის და Roberto Cavalli-ის გვერდით მოხვდა. გამოფენაში მონაწილეობა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის თანადაფინანსებით განხორციელდა.
Shoesofrenia ბრენდის ქვეშ შექმნილი თითოეული ფეხსაცმელი ორიგინალია და დამზადებულია კლიენტის ინდივიდუალური ზომების შესაბამისად, მთლიანად ხელით და მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ნატურალური მასალით. ფასები, ადგილობრივი ბაზრისთვის საერთაშორისო გაყიდვების ღირებულებას რამდენჯერმე ჩამორჩება.
„პანდემიამ, რა თქმა უნდა, ისევე როგორც უამრავი ბიზნესსაქმიანობა, ჩვენც დაგვაბრკოლა, ძალიან ბევრი თანამშრომლობა და შემოთავაზება გარკვეული ვადით გადაიდო, შემცირდა მომხარებლის მსყიდველუნარიანობაც, თუმცა, წარმოება მაინც არ გაჩერებულა - გავაძლიერეთ ონლაინ გაყიდვები და იმედს ვიტოვებთ, რომ შემდეგ წლის თებერვალში საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობას ისევ შევძლებთ. ქართულ საზოგადოებაში ხელნაკეთი ფეხსაცმელი, შეიძლება ითქვას, რომ საკმარისად დაფასებული არ არის, ეს შრომა ნამდვილად ძვირადღირებულია, ერთი ფეხსაცმლის დამზადებას 2 კვირამდე ვანდომებთ, ხარისხი ყველა სტანდარტს უპრობლემოდ აკმაყოფილებს, ამიტომ, ვთვლით, რომ ჩვენი საერთაშორისო პოტენციალი უფრო დიდი და მზარდია.“ - აცხადებს „ბიზნესპარტნიორთან საუბრისას“ Shoesofrenia-ს დიზაინერი და მარკეტინგის მენეჯერი თეონა ტრაპაიძე.
კომპანია თანამშრომლობს როგორც ქართველ, ისე უცხოელ დიზაინერებთანაც. არაერთი წყვილი ფეხსაცმელი შეკერილა ანტვერპენის სამეფო აკადემიის სამხატვრო აკადემიის და ლონდონის ხელოვნების უნივერსიტეტის სენტ-მარტინსის სადიპლომო ესკიზების მიხედვით. ხელნაკეთი ფეხსაცმლის სახელოსნო ამ ეტაპზე 7 ადამიანს ასაქმებს.