ბიზნესი
12/10/2020

ჯორჯიან მანგანეზი: ფეროშენადნობების წარმოება აზრს კარგავს

საქართველოში ფეროშენადნობების წარმოების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ბაზრის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშე, „ჯორჯიან მანგანეზი“ ელექტროენერგიის ტარიფის ცვლილებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში წარმოების შეჩერების საშიშროებაზე საუბრობს.

„ბოლო ორი წელი საქართველო წყალუხვობით არ გამოირჩეოდა. შესაბამისად, ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია წინა პერიოდებთან შედარებით მნიშვნელოვნად იყო შემცირებული. ამასთან, მოხმარება გაზრდილია. ამან მთლიანობაში გამოიწვია ელექტროენერგიის მნიშვნელოვან ნიშნულზე ასვლა და დღეს რა ფასებიც გვაქვს საბითუმო ბაზარზე, მსგავსი რამ საქართველოს 10-12 წლის განმავლობაში არ ახსოვს. ეს იმ ვითარებაში, როდესაც შენდება ამდენი ჰესი და ამდენი სიმძლავრე გაიშვა. იქნება ეს თბოსადგური 1, თბოსადგური 2. ამის მიუხედავად, რეკორდულად მაღალია ელექტროენერგიის ფასი. მოგეხსენებათ ისიც, რომ ჩვენ დარგში ელექტროენერგია წარმოადგენს თვითღირებულების დაახლოებით მეოთხედს. ჩვენ ვართ ზღვარზე, როდესაც ცოტაც და საქართველოში ფეროშენადნობების წარმოებას არანაირი ეკონომიკური აზრი აღარ ექნება. დარგი, რომელიც საწარმოო თვალსაზრისით, ადგილობრივ რესურსზე დაყრდნობით ერთადერთი ლიდერია, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება საერთოდ მისი არსებობა. ეს არის გამოწვეული ელექტროენერგიის ფასით. არაერთი მცირე და საშუალო ზომის საწარმო ვიცი, რომელიც უკანასკნელ პერიოდში სწორედ ელექტროენერგიის ფასის გამო გაჩერდა. ამას ემთხევა ისიც, რომ მსოფლიოში დარგს კრიზისული ვითარება აქვს და ფასებიც დაბალ ნიშნულზეა. თუმცა ჩვენ ამაზე დაბალი ფასიც გვინახავს და ის საწარმოები, რომლებიც ახლა გაჩერდა, მაშინ, იმ ვითარებაშიც კი მუშაობდნენ“,- განაცახდა „ბიზნესპარტნიორთან“ „ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსურმა დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ.

მისივე თქმით, ამ ვითარებიდან ერთ-ერთი გამოსავალი ის არის, რომ ელექტროენერგიის მწარმოებელი კომპანიები მრავალმილიონიანი ინვესტიციის უკუგებაზე უმოკლეს ვადებში არ უნდა ფიქრობდნენ.

„ეს ორი სექტორი, რომელიც საქართველოს ეკონომიკის ხერხემალია, ფეროშენადნობები და ენერგეტიკა, უნდა შეჯერდეს პირობებზე, თუ როგორ მოხდება ორივეს ინტერესების მაქსიმალური დაცვის პირობებში ორივე დარგის განვითარება და ხვალინდელ დღეზე ზრუნვა. ჩვენ უნდა მოვახერხოთ ის, რომ საერთო ინტერესი გამოვნახოთ. არ შეიძლება ვისაუბროთ მრავალმილიონიანი ინვესტიციის უკუგებაზე 5-8 წელიწადში, მაშინ, როდესაც ამა თუ იმ აქტივის სიცოცხლისუნარიანობა, ჰესებზე მაქვს საუბარი, არის სულ ცოტა 50 წელი. როგორ შეიძლება 50 წლიანი აქტივის ღირებულება პირდაპირ დაუბრუნდეს ინვესტორს 7 და 8 წელიწადში. თუ საქმე გვექნებოდა ნორმალურ და ჩვეულ ეკონომიკურ აქტივობასთან, მაშინ რასაკვირველია, დარგები ერთმანეთთან უპრეტენზიოდ აუვიდოდნენ მსგავს მიდგომებს. მაგრამ როდესაც დარგს პრობლემა აქვს, ექსპორტს პრობლემა აქვს ამ შემთხვევაში უნდა გადაიხედოს პოლიტიკა. მზად ვართ,  ვისაუბროთ ენერგოსექტორთან იაფი ელექტროენერგიის წყაროების მოძიებასთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვდგავართ ზღვარზე, როდესაც საქართველოში ფეროშენადნობებთა წარმოება აზრს კარგავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ენერგოობიექტებისთვის რეალიზაციის ბაზარი დაიკარგება და მოუწევთ ელექტროენერგიის მიწაში გაშვება“,- აღნიშნა ლომინაძემ.