"ჯერჯერობით კონსესუსს ვერ მივაღწიეთ" - ლუდის ინდუსტრია ხელისუფლებისგან შეღავათებს ითხოვს
ლუდის სექტორსა და სახელმწიფოს შორის რიგ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა ამ დრომდე ვერ ხერხდება. კორონავირუსის პანდემიის პირობებში ინდუსტრია მთავრობისგან დახმარებას ითხოვდა, თუმცა უშედეგოდ. სექტორის მხრიდან წაყენებულ მოთხოვნებს შორის აქციზის გადახედვა და დღგ-ს გადავადება პრიორიტეტულ საკითხებად სახელდებოდა.
როგორც კომპანია „ზედაზენის“ დირექტორი, კახაბერ კოტრიკაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, სექტორს მძიმე ტვირთად დააწვა ახლად ამოქმედებული რეგულაციებიც.
„სახელმწიფოს შეღავათების დაწესებას ვთხოვდით. თუნდაც, აქციზის შემცირების თვალსაზრისით. ვითხოვდით, რომ რაღაც პერიოდით 2014 წლამდე ნიშნულს დავბრუნებოდით. ეს იმის საშუალებას მოგვცემდა, რომ პროდუქციაზე ფასები დაგვეჭირა და მომხმარებელი უფრო მეტად გაგვეხალისებინა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ის ახალი რეგულაციები, რასაც ჩვენი ქვეყანა იღებს დაჩქარებულ რეჟიმში, როგორიც არის მწარმოებელთა გაფართოებული ვალდებულება, შრომის კანონი და ა.შ, ესეც უნდა ყოფილიყო სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილი. ყველა ახალ რეგულაციას კომპანიის მხრიდან დამატებითი რესურსის გამოყოფა სჭირდება. გვქონდა მიმართვები, რომ მწარმოებელთა გაფართოებული პასუხისმგებლობის რეგულაციას სხვანაირი ინტერპრეტაცია ჰქონოდა. შევთავაზეთ კიდეც სახელმწიფოს ჩვენი ხედვები, თუმცა ჯერჯერობით კონსესუსს ვერ მივაღწიეთ. ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება ბიზნესზე. არსებულ მძიმე ეკონომიკურ გარემოში ეს რთული მისაღები და დასანერგია“,- განაცხადა კახაბერ კოტრიკაძემ.
პანდემიის პირობებში არაერთი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა ლუდი "ნატახტარის" მწარმოებელი „ეფეს საქართველოც“. კომპანიის კორპორაციულ საქმეთა დირექტორი, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი იმ მიზეზებს განმარტავს, რომლის გამოც ინდუსტრია შეღავათებს ითხოვდა.
„ჩვენ ბოლო 1 წელია მთავრობასთან კომუნიკაცია გვაქვს, რომ შესაძლო შეღავათები ყოფილიყო სასმელების ინდუსტრიის წახალისების თვალსაზრისით, თუმცა ეს შეღავათები არ იქნა გათვალისწინებული. ეს ეხებოდა მაგალითად, დღგ-ს გადავადებას, აქციზის გადავადებას, გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ჩვენი სამუშაო კაპიტალის ძალიან დიდი ნაწილი ჩარჩა HoReCa სექტორში, რომელიც თითქმის 8 თვის განმავლობაში ვეღარ ამოვიღეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგადად ინდუსტრიას ქეშის პრობლემა შეექმნა. ინდუსტრიის დახმარება გავიდა იმ ძირითადი დახმარების კატეგორიებში, რომელიც ხელისუფლებამ გამოაცხადა სტიმულირების გეგმების თვალსაზრისით. მაგრამ კარგია, რომ იქნა სხვა ტიპის დახმარებები გათვალისწინებული. მათ შორის, რეგულაციების ოდნავ დაყოვნება და გადავადება. მაგალითად, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების საკითხი, რომელიც პრაქტიკულად 2023 წლამდე გადავადდა“,- აღნიშნა ხუნძაკიშვილმა.