ბიზნესი
04/02/2021

ჯარიმა და სსკ-ის სასჯელი - რა პასუხისმგებლობას აკისრებს კანონი ბიზნესს რეგულაციების დარღვევისას

მთავრობის წევრები ბიზნესის წარმომადგენლებს, რეგულაციების თვითნებურად დარღვევის შემთხვევაში, ადმინისტრაციული სასჯელის გარდა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც ახსენებენ.

„სრულიად სამართლიანია ის მომენტი, რომ ჩვენ გავამკაცროთ მოთხოვნა ყველა იმ ობიექტის და ბიზნესის მიმართ, ვინც მიზანმიმართულად დაარღვევს ეპიდემიოლოგების მიერ კანონმდებლობით დაწესებულ აუცილებელ მოთხოვნებს. ამ შემთხვევაში ვიტოვებთ უფლებას არა მხოლოდ დაჯარიმების, რაღაც კატეგორია დარღვევებზე სისხლის სამართლებრივი პასუხიმგებლობაც დგება. აგრეთვე სრულიად სამართლიანია, რომ სახელმწიფომ გადახედოს ამ ობიექტების სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობასაც“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

„ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის“ მიხედვით, ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმა 2000 ლარია, იურიდიული პირის კი, 10 000 ლარი.

იმ შემთხვევაში თუ გამოწერილი იქნება ჯარიმა, შემდეგ კი, ამავე პირის მიერ იგივე დარღვევა განმეორდება, ამოქმედდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

„სისხლის სამართლის კოდექსში“ კი წერია, რომ პირი ისჯება შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე. იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

ინფორმაციისთვის, დღევანდელი გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან კვების ობიექტები ღია სივრცეში მუშაობას განაახლებენ. თუმცა, შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა რესტორნების გარკვეული რაოდენობის დაუმორჩილებლობა, რომლებიც 6 თებერვლიდან აპირებდნენ თვითნებურად გახსნას.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ ორგანიზაციები, რომლებიც რეგულაციებს თვითნებურად დაარღვევენ, სახელმწიფოს მიერ კორონავირუსის შედეგების შესამცირებლად შემუშავებული ეკონომიკური დახმარების პროგრამებით ვეღარ ისარგებლებენ.

Businesspartner