"ის, რაც სხვისთვის "ნაგავია" ჩემთვის მთავარი ნედლეულია" - ნარჩენებით შექმნილი პროდუქციის ისტორია
ევროკავშირის წევრი ქვეყნები წლის განმავლობაში 3 მილიარდამდე ტონა ნარჩენს წარმოქმნიან.
მზარდი ტენდენცია აქვს საქართველოს ნაგავსაყრელებზე განთავსებულ ნარჩენების რაონოდებასაც. ამის მიუხედავად, არსებობენ კომპანიები, ვისთვისაც სხვის მიერ გადაგდებული ნარჩენი წარმოების პროცესში მთავარი ნედლეულია.
ბიოდიზელ ჯორჯია სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველი კომპანიაა, რომელიც ბიო საწვავს აწარმოებს. ბიოდიზელი განახლებადი ენერგიის წყაროა, რომელიც ორგანული ნივთიერებებისგან მიიღება. მას წიაღისეული საწვავის ჩანაცვლებისა და შესაბამისად, ატმოსფეროში გაფრქვეული მავნე ნივთიერებების შემცირების განსაკუთრებული პოტენციალი აქვს. პროდუქტს ხშირად მომავლის საწვავადაც მოიხსენიებენ. ბიოდიზელ ჯორჯიას წარმოების პროცესის ძირითადი ნედლეული მეორეული მცენარეული საკვები ზეთია. კომპანია საქართველოს ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს. პროექტის დაწყების პერიოდში მსგავსი ტიპის ნარჩენების უტილიზაციაზე ინფორმაცია თითქმის არ არსებობდა, გაუმართავი იყო საკანონმდებლო ბაზაც.
"1 წელში მოვახერხეთ პირველი ბიოდიზელის წარმოება და ეს ცირკულარული და მწვანე ეკონომიკის ერთ-ერთი ნათელი მიმართულებაა. ვიცოდით რა პროცესსაც ვიწყებდით ამ ქვეყანაში. ვიცოდით რომ ნაკლები ცოდნა იყო და ამიტომ ორმაგი სამუშაოების ჩატარება გვიწევდა. დღეს უკვე განვითარების იმ ეტაპზე ვართ, როდესაც ვგეგმავთ ბიოდიზელის კიდევ ერთი საწარმოს აშენებას და შექმნას. ის გათვილი იქნება არა მარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზარზე",- აცხადებს "ბიზნესპარტნიორთან" კომპანიის დირექტორი, მურმან პატარაია.
ბიოდიზელ ჯორჯია ნარჩენებს მთელი საქართველოს მასშტაბით აგროვებს. 2 ათასამდე პარტნიორი ძირითადად ჰორეკა სექტორიდან ჰყავს. იმას, რაც ქართულ სამზარეულოებში ნარჩენის სახით გროვდება, კომპანია გადაამუშავებს და ეკომეგობრულ საწვავად აქცევს. თვის განმავლობაში 100 ტონამდე ნარჩენი გროვდება. გადამუშავებული პროდუქციით კი ძირითადად ადგილობრივი ბაზარი მარაგდება. მცირე საექსპორტო მოცულობები გათვლილია ევროკავშირის ბაზრისთვისაც.
ის, რაც სხვისთვის ნარჩენია, მთავარი საწარმოო პროდუქტია კომპანია ტენესთვისაც. რეგიონში ერთადერთი იუესბი კაბელების მწარმოებელისთვის მთავარი ნედლეული გამოყენებული ბოთლების თავსახურებია. კომპანიის მხრიდან ნარჩენების გადამუშავება გარემოსადმი მეგობრული ერთადერთი ქმედება არ არის. ტენე კაბელების დასამზადებლად საჭირო ელექტროენერგიას თავისივე მზის პანელებისგან იღებს.
"კაბელის წარმოება რომ უნდა დაგვეწყო, ჩავედი ჩინეთში და აგვიხსნეს, რომ უნდა მეყიდა სპეციალური პლასტმასის გრანულები, რომელიც უნდა დადნეს და სპეციალურ აპარატებში უნდა ჩამოესხას. ანუ, გამოდიოდა, რომ მეც კიდევ შემომქონდა დამატებით პლასტმასი ქვეყანაში, რომელიც კვლავ მოხვდებოდა ბუნებაში და დააბინძურებდა გარემოს. ამ წრის მონაწილე არ მინდოდა რომ ვყოფილიყავი. თავიდან ვფიქრობდი, რომ ბოთლით მოვახერხებდი ამის გაკეთებას, თუმცა არ გამომივიდა, რადგან სხვანაირი ტექნოლოგიით მუშავდება. ამის მიუხედავად, აღმოჩნდა, რომ ბოთლის თავსახური არის თერმოპლასტიკი, რომელსაც შეგიძლია ნებისმიერი ფორმა მიანიჭო და ნებისმიერი ფორმის ყალიბში ჩამოასხა. შემდეგ დავტესტე ეს მეთოდი და ტექნოლოგიამ იმუშავა. გამოვიდა ეკომეგობრული კაბელი. ვიღაცისთვის რაც ნარჩენია, ჩემთვის ნედლეულია",- განმარტავს "ტენეს" დამფუძნებელი სანდრო ლილუაშვილი.
ტენეს პროდუქციის 95% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. მცირე რაოდენობა ამაზონის საშუალებით გადის ექსპორტზეც. მზარდი გაყიდვების ფონზე ტენეს მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება უჭირს, თუმცა აქტიურად მუშაობს გაფართოების გეგმებზე. იუესბი კაბელების დამზადების გარდა კომპანიამ ნარჩენების გადამუშავების აუცილებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებასაც შეუწყო ხელი. მას, ვისაც ტენესთვის ბოთლის 50 თავსახური მიჰქონდა, პროდუქციას უსასყიდლოდ იღებდა. თანდათან ეს რიცხვი იზრდებოდა და ერთ დროს ნაგავსაყრელზე განთავსებული ნარჩენები ახლა ტენეს ფუნქციონირების მთავარი გარანტიაა.
"ნედლეულის შეგროვების საინტერესო პრაქტიკა გვქონდა. მოსახლეობას ვეუბნებოდით, რომ შეეგროვებინათ 50 ბოთლის თავსახური, ჩვენთან ჩაებარებინათ და საჩუქრად USB კაბელს გადავცემდით. ამას დიდი გამოხმაურება ჰქონდა. შემდეგ ვთქვით, რომ 50 თავსახური და ბოთლი მოეტანათ, შემდეგ 150 და ა.შ. ახლა უკვე ძალიან ბევრი მასალა გვაქვს შეგროვებული",- ამბობს ლილუაშვილი.
საქართველოსთვის ნარჩენების მართვა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ქვეყანას მხოლოდ მუნიციპალური ნარჩენების განსათავსებელი ნაგავსაყრელები აქვს. აღურიცხავია სტიქიური ნაგავსაყრელების რაოდენობა, რომლის შემჩნევაც განსაკუთრებით მარტივი რეგიონებშია. 2020 წლის მონაცემებით, საქართველოს ნაგავსაყრელებზე მოხვედრლი ნარჩენები 9 ათას ტონაზე მეტი იყო. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს ოფიციალურად აღრიცხული მაჩვენებელია. საინტერესოა ისიც, თუ რა რაოდენობით ნარჩენი ხვდება ყოვწლწლიურად არა ოფიციალურ, არამედ ე.წ სტიქიურ ნაგავსაყრელებზე.