"ინდექსაცია ჩადებული უნდა იყოს ყველა გრძელვადიან პროექტში, როგორც სავალდებულო მექანიზმი"
ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლები აცხადებენ, რომ ინდექსაციასთან დაკავშირებით ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის კონსესუსი ნაწილობრივ მიღწეულია.
"საქსტატის" მიერ შემუშავებული სამშენებლო ინდექსი გარკვეულ პროექტებში უკვე ერთი წელია, რაც წარმატებით გამოიყენება. თუმცა ინფრასტრუქტურურის მშენებლები ითხოვენ, რომ ინდექსაცია ჩადებული იყოს ყველა გრძელვადიან პროექტში, როგორც სავალდებულო მექანიზმი.
როგორც ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ანა საბახტარიშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, საკმაოდ სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა, როდესაც კონკრეტულ პროექტებზე ინდექსაციის სისტემა დაიტესტა.
„გარკვეულ პროექტებში, რომლებიც არ ეხება განვლილ კრიზისულ პერიოდს, კვლავ იდება ინდექსაციის მუხლი, ესეც მისასამებელია, თუმცა ჩვენი მოთხოვნა და გაუმჯობესების არეალი არის უზარმაზარი. თუ ინდექსაცია არ იქნა ყველა გრძელვადიან ინფრასტრუქტურულ პროექტში გათვალისწინებული, ყოველთვის დაგვჭირდება მოკლევადიანი პროექტების და დადგენილებების ამოქმედება. ამიტომ, ინდექსაციასთან დაკავშირებით, დღეს ჩვენი რეკომენდაციაა არსებული გამოცდილების გაზიარება და ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით ინდექსაციის ჩადება შესაბამის აქტებში, როგორც გრძელვადიანი პროექტებისთვის სავალდებულო მექანიზმის.“-აღნიშნა ანა საბახტარიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ფასების ინდექსაცია სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე კომპანიებს ეხებათ და ეს მექანიზმი ერთგვარი დაზღვევაა ბიზნესისთვის, რადგან ფასების ზრდის შემთხვევაში სამუშაოების ღირებულების ნაწილს მთავრობა ანაზღაურებს. კერძო სექტორი ჯერ კიდევ პანდემიის დროს შექმნილი კრიზისიდან მოყოლებული ითხოვდა ინდექსირებას. შემდეგში ეს საკითხი რეგიონში მიმდინარე ომმა გაააქტიურა, რადგან მასალების ღირებულება ზოგიერთ შემთხვევაში 50-70%-ით გაიზარდა.