ბიზნესი
25/03/2021

გლენბერი: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ქვეყანამ უკეთ უნდა გამოიყენოს

გაყინული ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორი კომპანია „გლენბერის“ დამფუძნებელი რაფაელ მაღალაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პოტენციალზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყანა რესურსს ამ ეტაპზე ვერ იყენებს.

მისი ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ჩინეთიდან ტრანსპორტირების ხარის გაზრდის გამო, პროდუქცია  ჩინეთიდან აღარავის მოაქვს. ამის გათვალისწინებით, შესაძლებელია საქართველომ ჩინეთი ჩაანაცვლოს და ამერიკის და ევროპის ბაზარზე ადგილი დაიკავოს.

„ამას ემატება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ამოქმედება, რომლის ფარგლებშიც საქართველოში თვეში ერთხელ მაინც შემოდის რკინიგზით გადაზიდვები ჩინეთიდან, ეს ძალიან მაგარი საკითხია. ამას სჭირდება პატრონი, გამოღვიძება და სერიოზული მიდგომა. თუ არ ჩაერია მმართველი გუნდი ამ პროცესში, ადამიანი მარტო ვერაფერს ვერ შეძლებს. მინდა ვთქვა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის რესურსი საქართველომ შესაძლებელია ბევრად დადებითად გამოიყენოს.

ახლა ამ პროექტის გამოყენება არ ხდება, როგორ უნდა გამოიყენო, როდესაც ქვეყანაში არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობაა და ეკონომიკაზე არავინ ფიქრობს. ეს კი ავნებს ქვეყანას,“ - აცხადებს მაღალაშვილი.

შეგახსენებთ, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა 2020 წლის ბოლოს ამოქმედდა და თურქეთიდან ჩინეთისკენ მიმავალი ტვირთი საქართველოდან დაიძრა. აღნიშნული მოვლენა უპრეცედენტო იყო, რადგან აქამდე შუა სატრანსპორტო დერეფნის მეშვეობით, ტვირთები ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით მიემართებოდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, აღნიშნული დერეფნით ბოლო ორი წლის განმავლობაში აზიიდან ევროპისკენ და ჩინეთიდან მიმავალი საექსპორტო ტვირთი მოძრაობდა. აქამდე თურქეთიდან ჩინეთში ტვირთის ტრანსპორტირებას 18 დღე სჭირდებოდა. საქართველოზე გამავალი ბაქო – თბილისი – ყარსი ახალი სარკინიგზო მარშრუტი იმ დერეფნის ლოგისტიკური ნაწილია, რომელიც ევროპასა და აზიას ერთმანეთთან აკავშირებს.