ბიზნესი
21/01/2022

Gepherrini-ს პროდუქცია აპრილიდან ჩინეთის უმსხვილეს სავაჭრო მოლებში გაიყიდება

Gepherrini-ს პროდუქციის 2021 წლის რეალიზაციის მაჩვენებელმა გასული ორი წლის ჯამურ მაჩვენებელს გადააჭარბა. ამასთან, გასულ წელს კომპანიამ გაჩერებული საექსპორტო მიმართულებების აღდგენაც მოახერხა.

გაზრდილი მოთხოვნის ფონზე ქართული კომპანიის საექსპორტო მიმართულებებს ჩინეთის ბაზარიც დაემატება. 3-წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, მიმდინარე წლის აპრილიდან, Gepherrini-ს ნაწარმი ჩინეთის უმსხვილეს სავაჭრო მოლებში გაიყიდება.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, ილია გეფერიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, მიმდინარე წლის მარტში, ახალი საექსპორტო მიმართულებების გაჩენის მიზნით, Gepherrini დუბაიში, საერთაშორისო გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას.

რაც შეეხება კომპანიის სამომავლო გეგმებს, ილია გეფერიძის თქმით, მიმდინარე წლისთვის Gepherrini საექსპორტო ქვეყნებში სრული სადისტრიბუციო ქსელის ათვისებას გეგმავს.

„ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს და იმედით შევყურებთ 2022 წელს, რადგან იგეგმება ძალიან ბევრი აქტივობები. ჩინეთის ტერიტორიაზე მნიშვნელოვან აქტივობებს ვგეგმავთ, ასევე სხვა საექსპორტო ქვეყნებშიც ვგეგმავთ ინვესტიციის განხორციელებას და გვინდა ავითვისოთ მთელი სადისტრიბუციო ქსელი ჩვენს საექსპორტო ქვყნებში, რაც ვფიქრობ დიდ შემოსავალს მოუტანს ჩვენს კომპანიას.“ - განაცხადა ილია გეფერიძემ.

Gepherrini-ში ელიან, რომ 2022 წელს კომპანიის რეალიზაციის მაჩვენებლი გაორმაგდება.