ბიზნესი
17/07/2021

გენდერული უთანასწორობა ბიზნეს სექტორში - რას გეგმავს მთავრობა

მთავრობა ქალთა მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის გზით ქალების ეკონომიკური პოტენციალის ათვისებას გეგმავს. ამის შესახებ 2021-2025 წლების მთავრობის სტრატეგიაში წერია, რომელიც მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას ეხება. 

მთავრობა აღიარებს მცირე და საშუალო მეწარმეობაში ქალთა უფლებებს, ცოდნასა და პოტენციალს, ასევე ბიზნესის შესაძლებლობებზე, მათ შორის ფინანსებზე ქალებისა და კაცების არათანაბარი წვდომის პრობლემას.

საქსტატის 2020 წლის მონაცემებით, ქალების სამუშაო ძალაში მონაწილეობის მაჩვენებელი შეადგენს მხოლოდ 40.4%-ს, კაცების 62%-თან შედარებით. საქართველოში სულ დასაქმებული პირებიდან ქალების წილი 44%-ია. ამასთან 2020 წელს დასაქმებული ქალების 23.9% არის თვითდასაქმებული. რაც შეეხება დაქირავებით დასაქმებულთა თანაფარდობას სქესის მიხედვით, 2020 წელს, დაქირავებით დასაქმებულ ქალთა და კაცთა რაოდენობას შორის სხვაობა მინიმალურია კაცთა სასარგებლოდ. კერძოდ, დაქირავებით დასაქმებულ ქალთა წილი 49%-ს, ხოლო დაქირავებით დასაქმებული კაცების ანალოგიური მაჩვენებელი 51%-ს შეადგენს. თუმცა, 2019 წელს აღნიშნული მონაცემი ქალთა მიმართებით 50,3%-ს, ხოლო კაცებთან მიმართებით 49,7%-ს შეადგენდა.

რაც შეეხება სიღარიბის მაჩვენებელს, აღნიშნული, 2020 წელს ქალებთან მიმართებით 20.9%-ს, ხოლო კაცებთან მიმართებით 21.7%-ს შეადგენს.

“საგულისხმობა უთანასწორობა, რომელიც ფიქსირდება სამუშაო ძალის გარეთ მყოფი მოსახლეობის განაწილების მხრივ სქესის მიხედვით. კერძოდ, 2020 წელს ქალების 64%, ხოლო კაცების მხოლოდ 36% იყო ეკონომიკურად არააქტიური. აღნიშნული მაჩვენებელი გამოხატავს გამოწვევას, რომელიც უკავშირდება ქალთა აუთვისებელ პოტენციალს და ამასთან, ადასტურებს ქალთა ეკონომიკურ ცხოვრებაში მეტად ჩართვისა და მათი შესაძლებლობების გაძლიერებისკენ მიმართული ღონისძიებების განსაკუთრებულ მნიშვნელობას“,- აღნიშნულია დოკუმენტში.

რაც შეეხება ხელფასებს, 2019 წლის მონაცემებით, ქალების საშუალო ნომინალური თვიური ხელფასი შეადგენს 869.1 ლარს, ხოლო კაცების 1361.8 ლარს.

გენდერული უთანასწორობა წარმოდგენილია არა მხოლოდ ზოგად სტატისტიკურ მაჩვენებლებში, არამედ, ბიზნეს სექტორის მონაცემებშიც. კერძოდ, 2019 წლის ბიზნეს სექტორში დასაქმებულ ქალთა წილმა 41%, ხოლო კაცის ანალოგიურმა მაჩვენებელმა 59% შეადგინა. ქალის ხელფასი, კაცის ხელფასის 63%-ია, ხოლო გენდერული სახელფასო სხვაობა 37%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ უთანასწორობა მეტად ფიქსირდება მცირე საწარმოებში, სადაც ეს მაჩვენებელი 43%-ს შეადგენს, მაშინ, როდესაც მსხვილ საწარმოებში გენდერული სახელფასო სხვაობა 34%-ია.

ამასთან, ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა მფლობელებში საგრძნობლად (თითქმის ორჯერ) ჭარბობენ მამაკაცები და ეს ტენდენცია წლების განმავლობაში პრაქტიკულად უცვლელია. ასევე, მეწარმეობა ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კაცების 6.5%-სთვის, ხოლო ქალების 2.6%-სთვის.

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროექტებში ქალების მონაწილეობა შემდეგი სახით გამოიყურება: “აწარმოე საქართველოს“ მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამაში ქალი ბენეფიციარების წილი 2018 წლის მონაცემებით 45.1%-ს შეადგენს. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის პროგრამებს, აქ ქალი და კაცი ბენეფიციარების პროპორცია ძალიან არათანაბარია კაცების სასარგებლოდ. კერძოდ, 2014-2019 წლებში, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ბენეფიციარებს შორის ქალი ბენეფიციარების წილი მხოლოდ 7.6%-ს შეადგენს.

“არსებული სტატისტიკური მონაცემებით ნათელია, რომ ქალებს მნიშვნელოვანი გამოუყენებელი სამეწარმეო პოტენციალი გააჩნიათ, რომლის ათვისება სხვადასხვა კულტურული, სოციალური და ეკონომიკური ფაქტორების გამო შეფერხებულია“,- აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთან, კორონავირუსით გამოწვეულმა კრიზისმა განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ქალ დასაქმებულებზე და მეწარმეებზე. ვინაიდან ქალი მეწარმეები დომინირებენ იმ ინდუსტრიებში, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდა კრიზისის დროს - ტურიზმი, ვაჭრობა. გარდა ამისა, პანდემიამ და მისგან გამომდინარე შეზღუდვებმა გავლენა მოახდინა სასწავლო პროცესზე, გამოიწვია ბაღების და სკოლების დახურვა და დააყენა ბავშვების სახლში მოვლის საჭიროება, რაც არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, არაპროპორციულად ნაწილდება ქალსა და კაცს შორის.

ზოგადად, ქალების სამეწარმეო აქტივობას აფერხებს სხვადასხვა კულტურული სტერეოტიპები, თუმცა დაბრკოლებას ქმნის ცალკეული პრაქტიკული ასპექტებიც. კერძოდ, ქალების მიერ უძრავი ქონების, მათ შორის მიწის ფლობის მაჩვენებელი მკვეთრად ჩამორჩება იგივე მაჩვენებელს კაცების შემთხვევაში. უფრო კონკრეტულად, სამეურნეო მიწის დოკუმენტირებული მფლობელობიდან მხოლოდ 16% არის ქალი. შესაბამისად, როდესაც საუბარია ფინანსებზე წვდომაზე, სადაც ადგილი აქვს კომერციული ბანკების დომინირებას, ხოლო საბანკო კრედიტის შემთხვევაში მნიშვნელოვანია უზრუნველყოფის საკითხი, აღნიშნული მნიშვნელოვნად ზღუდვას ქალების მიერ ფინანსურ რესურსებზე წვდომის შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, ქალი მეწარმეები იძულებულები არიან მეტად დაეყრდნონ პირად ფინანსებს. განსაკუთრებით მწვავედ ეს პრობლემა დგას რეგიონებში.

შესაბამისად, სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების შემუშავების პროცესში, მნიშვნელოვანია ქალების სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული სპეციფიური პრობლემების და თავისებურებების იდენტიფიცირება და მათზე მორგებული ინსტრუმენტების შემუშავება.

ამასთან, პრობლემურად რჩება ქალების მხრიდან სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების ხელმისაწვდომობა ციფრული უნარ-ჩვევების არქონის გამო. ეს განსაკუთრებით პრობლემურია რეგიონში მცხოვრები ქალებისთვის.

“სხვადასხვა ტიპის სტერეოტიპების დაძლევა კვლავ პრობლემას წარმოადგენს. აუცილებელია ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლების განგრძობადი კამპანიის და სპეციალური ტრენინგების წარმოება. ასევე მნიშვნელოვანია, შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებში გენდერული მიდგომების განვითარების შესაძლებლობების გაძლიერება, რაც უზრუნველყოფს სახელმწიფოს მიერ გენდერულად სენსიტიური პროგრამების და ინსტრუმენტების შემუშავებას“, - ნათქვამია დოკუმენტში.

მთავრობის ამოცანებია:

“ქალთა გაძლიერების პრინციპების“ პოპულარიზაცია

დოკუმენტში წერია, რომ სხვადასხვა ტიპის ბარიერისა და სტერეოტიპის დასაძლევად მნიშვნელოვანია, ყველა შესაბამისი აქტორის მიერ საკუთარი როლის გააზრება და შესაბამისი ქმედება. სახელმწიფოს შეუძლია “ქალთა გაძლიერების პრინციპების“ პოპულარიზაცია ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების განხორციელების გზით საკუთარ ბენეფიციარ მეწარმეებს შორის, განსაკუთრებით რეგიონებში.

გენდერული ნიშნით სტატისტიკის გაუმჯობესება სახელმწიფო პროგრამებში

ტოკუმენტის თანახმად, მნიშვნელოვანია სახელმწიფო პროგრამების შედეგების სტატისტიკის წარმოება გენდერული კუთხით, რაც საშუალებას მისცემს სახელმწიფოს, სამომავლოდ შესაბამისი კორექტივები შეიტანოს საკუთარი პორლიტიკის დაგეგმვაში და განხორციელებაში.

სახელმწიფო პროგრამებში ქალების მონაწილეობის წახალისება

პირველ რიგში მნიშვნელოვანია ბენეფიციართა შერჩევისას ქალების მონაწილეობის სპეციფიკის გათვალისწინება. დღეის მდგომარეობით, აღნიშნული ასპექტი უფრო მეტად გათვალისწინებულია “აწარმოე საქართველოში“ გრანტების კომპონენტში. სხვა პროგრამებში აღნიშნულის გათვალისწინება შეზღუდულად ხდება ან პრაქტიკულად არ ხდება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ყველა იმ პრაქტიკული ბარიერის გათვალისწინება, რასაც ქალი მეწარმეები აწყდებიან და შესაბამისი მხარდაჭერის ინსტრუმენტების შეთავაზება. ასევე, საგულისხმოა ქალი მეწარმეების შეზღუდული წვდომა ინფორმაციაზე სახელმწიფო პროგრამების შესახებ, განსაკუთრებით რეგიონებში. ამ პროცესში გასაძლიერებელია ადგილობრივი თვითმმართველობის როლი.

ქალებში ციფრული უნარ-ჩვევების გაძლიერება

მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით შესაბამისი მხარდაჭერის უზრუნველყოფა, რაც საშუალებას მისცემს ქალ მეწარმეებს, უკეთესად შეისწავლონ ბაზარზე არსებული მოთხოვნები და ტენდენციები, პანდემიის პირობებში, სახლიდან გაუსვლელად აწარმოონ საკუთარი ბიზნესი და დანერგონ ელექტრონული კომერცია.

სახელმწიფო სტრუქტურების შესაძლებლობების გაზრდა გენდერული მიდგომების განვითარებისთვის

ამ მიზნით, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად დაიგეგმება და განხორციელდება საჯარო მოხელეების ტრენინგები გენდერის გავლენის შეფასების საკითხებში.