ბიზნესი
18/07/2021

ფინანსებზე წვდომა - მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ერთ-ერთი დაბრკოლება

მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებას ფინანსებზე წვდომა წარმოადგენს. 2021-2025 წლების მთავრობის სტრატეგიაში წერია, რომელიც მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას ეხება, წერია, რომ საფინანსო სისტემაში კომერციული საბანკო სისტემა დომინირებს - მთლიანი საფინანსო სისტემის 90%-ზე მეტი. საფინანსო ბაზრის სხვა მიმართულებები ნაკლებად არიან განვითარებული.

დოკუმენტში საუბარია არსებულ გამოწვევებსა და მთავრობის მიზნებზე. 

მთავრობა მიიჩნევს, რომ კარგად განვითარებული საფინანსო ბაზრები საწარმოების განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, რომლებიც ტრადიციულ საბანკო კაპიტალზე წვდომის თვალსაზრისით პრობლემებს განიცდიან გირაოს მაღალი მოთხოვნებისა და სხვა ფაქტორების გამო. 

მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევის 2019 წლის შედეგების მიხედვით, ფინანსებზე წვდომა სახელდება რიგით მეორე უმსხვილეს დაბრკოლებად, პოლიტიკური არასტაბილურობის შემდეგ. 

ამავე კვლევის მიხედვით, საინვესტიციო ხარჯების დაფარვისთვის საწარმოები უმეტესად იყენებენ შიდა რესურსებს - საინვესტიცო ხარჯების 70%-ს, ხოლო მეორე ადგილზეა საბანკო კრედიტი. მცირე საწარმოთა 38%-ს აქვს საბანკო კრედიტი, ხოლო საშუალო წარმოების 48%-ს. აღსანიშნავია, რომ იგივე მაჩვენებელი მსხვილ საწარმოებში 58%-ს შეადგენს. ამასთან კვლავ მაღალია გირაოს მოთხოვნები. 2019 წლის კვლევის მიხედვით, ეს მაჩვენებელი მცირე საწარმოებისთვის საშუალოდ სესხის ოდენობის 191%-ია, ხოლო საშუალო საწარმოებისთვის - 195%. 

მცირე საწარმოებთან მიმართებით, მაღალია საბანკო კრედიტზე უარის თქმის მაჩვენებელი. კერძოდ, თუ დიდ საწარმოებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 2.6%-ია, მცირე საწარმოებში 20.6%-ს აღწევს. სესხის დამტკიცებაზე უარი განპირობებულია 4 ძირითადი ფაქტორით: არასაკმარისი გირაო, არასათანადო საკრედიტო ისტორია, რისკების პროგნოზირების სირთულე, დაბალი ხარისხის ბიზნეს გეგმა. 

ამასთან მცირე და საშუალო საწარმოებისთვის კრედიტზე უარის თქმის ყველაზე ხშირი მიზეზი მაღალი რისკია. გარდა ამისა, გირავნობის პრობლემები დაკავშირებულია მცირე და საშუალო მეწარმეების მიერ რეგისტრირებული გირავნობის საგნის ნაკლებლობასთან. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიწასთან მიმართებით, სოფლის მეურნეობის დაკრედიტების გაზრდისთვის. საქართველოში მიწის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არ არის ოფიციალურად რეგისტრირებული, რაც მიწის გირავნობის საგნად ქცევას აფერხებს. 

მნიშვნელოვანია, რომ ალტერნატიულ დაფინანსებაზე წვდომას ასევე აფერხებს მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური განათლებისა და უნარების დაბალი დონე. 

შესაბამისად, მთავრობა მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების მიერ ფინანსური ბაზრის ინსტრუმენტების ზრდას.

მთავრობის ამოცანაა:

სახელმწიფო დაფინანსების პროგრამების განვითარება 

დოკუმენტში წერია, რომ ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისად, მნიშვნელოვანია, არსებული სახელმწიფო პროგრამების პერიოდული განახლება. გამოწვევები, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, ეს არის მცირე და საშუალო საწარმოთა ფინანსებსა და უზრუნველყოფის ხარჯების შემცირება, ასევე ინოვაციური სტარტაპებისთვის დაფინანსების წყაროების გაფართოება. 

დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების განვითარება

დოკუმენტის თანახმად, მნიშვნელოვანია ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარება და დაფინანსების ალტერნატიული წყაროების გაჩენა, მათ შორის უფრო რისკიანის, ვინაიდან ბანკების მხრიდან რისკიანი პროექტების დაფინანსების მზაობა დაბალია. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია მეწარმეების ცნობიერების ამაღლება დაფინანსების ალტერნატიული ინსტრუმენტების დადებითი მხარეების შესახებ. 

ფინანსური განათლების შემდგომი გაუმჯობესება

მაღალ რისკთან და გირაოს პრობლემასთან ერთად, მცირე და საშუალო მეწარმეებს აქვთ ბიზნეს გეგმის განვითარების, ასევე ფინანსური პროცესების არასაკმარისი ცოდნის პრობლემა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მეწარეების ფინანსური განათლების გაძლიერებისთვის საჭირო აქტივობების განხორციელება. 

გირავნობის საგნის გაფართოება

წლების განმავლობაში საქართველოში პრობლემას წარმოადგენს მიწის, როგორც გირავნობის საგნის გამოყენება, განსაკუთრებით რეგიონში მცხორები მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის. აღნიშნულის მიზეზი ის არის, რომ მეწარმეები მიწის ნაკვეთებს ფორმალურად არ ფლობენ. ამ პრობლემის გადასაჭრელად მნიშვნელოვანია, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ეფექტიანად წარმართვა. 

მცირე და საშუალო საწარმოთა ფინანსური ინფორმაციის გამჭვირვალობისა და ხარისხის ზრდა

განხორციელდება მცირე და საშუალო მეწარმეთა ტრენინგები და მათი ცნობიერების ამაღლება. 

“Venture Capital“ და “Buziness Angels“ ეკოსისტემის შემდგომი განვითარება

როგორც დოკუმენტში წერია, ეროვნულ დონეზე სარისკო ინვესტორთა ქსელის განვითარება გრძელვადიანი ამოცანაა, რომელიც მოიცავს ქვეყნის მატერიალურად ძლიერი მოქალაქეების წახალისებას (მათ შორის, ეროვნული რეგულაციების ნდობის გაზრდის ჩათვლით) ქვეყნის შიგნით სარისკო ინვესტიციების განხორციელებისთვის და ასევე, სათანადო განათლებისა და საერთაშორისო გამოცდილების სარისკო ფონდების მენეჯერთა მომზადებას. საშუალოვადიან ამოცანად კი, უცხოეთიდან საქართველოში ვენჩურული ინვესტიციების მოზიდვა განიხილება. აღნიშნული შესაძლებლობას მისცემს ქართველ სტარტაპებს, მიიღონ უფრო მეტი დაფინანსება ადრეულ ეტაპზე მათი განვითარებისთვის და დარჩნენ ქვეყნის რეზიდენტებად. 

უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად მნიშვნელოვანია მათთვის გასაგები და მკაფიო წესების შექმნა, რომლებიც უნდა იყოს იგივე ან გაუმჯობესებული, ვიდრე მათ საკუთარ ან იმ ქვეყნებში სადაც მოგების გადასახადის მაჩვენებელი ან ინოვაციების მიწოდება თანაბარია საქართველოსთან მიმართებით.