ბიზნესი
26/01/2021

ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანია, თუმცა არა საკმარისი - სნეპ ფიტნესი სესხის პროცენტის სუბსიდირებაზე

მთავრობა ფიტნეს ცენტრებს სესხის პროცენტს დაუსუბსიდირებს, - გადაწყვეტილება უახლოეს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდება. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადება დამაიმედებელია სექტორის წარმომადგნლებისთვის, თუმცა, როგორც ამბობენ, ეს მათი მოთხოვნების მხოლოდ ერთი ნაწილია.

"რიგი სექტორებისთვის მხარდაჭერა პანდემიის ადრეულ პერიოდშივე განისაზღვრა, ფიტნესის სფერო კი უკვე მე-9 თვეა წარმოუდგენელ კრიზისს ებრძვის. გუშინდელმა საპროტესტო ტალღამ, ალბათ, მთავრობის მხრიდან გადაწყვეტილების მიღების პროცესი დააჩქარა, თუკი სესხები დაგვისუბსიდირდება - ამას მივესალმებით, მაგრამ ჩვენი მოთხოვნები დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადების ჩამოწერას ან გადავადებასაც ეხებოდა. როგორც გვეუბნებოდნენ, ფინანსთა სამინისტროს ძალიან ხისტი პოზიცია აქვს დღგ-სთან დაკავშირებით, მაგრამ არანაკლებ ხისტი პოზიცია გვაქვს ჩვენც - ხელმძღვანელებს, რომლებმაც ყველანაირი რესურსი ამოვწურეთ და მეორე ლოქდაუნისას ყველა თანამშრომელი უხელფასო შვებულებაში გვყავს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, თუმცა არ არის საკმაირისი,“ - განაცხადა „ბიზნესპარტნიორთან“ „სნეპ ფიტნესის“ დირექტორმა, სოფო სოლოღაშვილმა.

პანდემიამდე კომპანიის 4-ვე ფილიალის თვიური ბრუნვა საშუალოდ 300 000 ლარს აღწევდა, როგორც „სნეპ ფიტნესში“ ამბობენ, იგივე ნიშნულამდე მისვლა, რეგულაციების ფარგლებში შეუძლებელი იქნება.

Businesspartner