ელექტროსკუტერების ბაზარი მზარდია, აპლიკაციაში რეგისტრაციები ყოველდღიურად იზრდება - Scroll
ელექტროსკუტერების გაზიარების სერვისი Scroll-ი გაფართოებას გეგმავს.
როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის ბიზნეს განვითარების დირექტორმა აღნიშნა, დღეის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 2 500 სქროლი მოძრაობს და ეს რიცხვი მუდმივად იცვლება.
კომპანია ამ ეტაპზე თბილისში, ბათუმსა და უკვე რუსთავშიც ოპერირებს. გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე კი, რაც აპლიკაციაში რეგისტრაციების რაოდენობის ყოველდღიურ ზრდაში აისახება, Scroll-ი სამომავლოდ არეალის გაფართოებას და მომსახურების არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით დიდი ქალაქებისთვის, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთ შეთავაზებასაც გეგმავს.
„თბილისში, ბათუმსა და რუსთავში ყველა ძირითად ტერიტორიას ვფარავთ. რუსთავის შემდეგ იქნება ყველა დიდი ქალაქი - ქუთაისი, ზუგდიდი, თელავი და ა.შ. ეს იქნება ყველა დიდი ქალაქი, სადაც ინფრასტრუქტურა შეგვიწყობს ხელს, რომ მსგავსი პროექტის განხორციელება შევძლოთ,“ - აღნიშნავს Scroll-ის ბიზნეს განვითარების დირექტორმა დანიელ დოინიცინმა.
მთავარ გამოწვევად კომპანიაში ალტერნატურლი სატრანსპორტო საშუალებებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის ნაკლებობას ასახელებენ. დანიელ დოინიცინის თქმით, მართალია თბილისში, რუსთავსა და ბათუმში ველობილიკები არსებობს, თუმცა ეს საკმარისი არ არის და საჭიროა ველობილიკები ყველა ქალაქში დაემატოს, ამასთან აუცილებელია უკვე არსებული ინფრასტრუქტურის განახლებაც.
თბილისის მასშტაბით, ელექტროსკუტერების გადაადგილების მიხედვით, კომპანია ყველაზე მოთხვნად ტერიტორებად ჭაჭავაძის, ვაჟა-ფშაველასა და წერეთლის გამზირებს ასახელებს. რაც შეეხება Scoll-ის მომხმარებელთა ასაკობრივ ჯგუფს, დანიელ დოინიცინის თქმით, კომპანიის ელექტროსკუტერებით ძირითადად 18-დან 49 წლამდე ასაკის პირები გადაადგილდებიან. ამასთან, მომხმარებელთა 85-90% scroll-ის სკუტერებს საქმიანი დანიშნულებით ა-დან ბ პუნქტამდე გადაადგილებისთვის იყენებს.
რაც შეეხება შეთავაზებებს, კომპანია "სფეისსა" და "თიბისი ბანკთან" თანამშრომლობს და მომხმარებლებს 30-50%-იან ქეშბექებს სთავაზობს. ამასთან, Scroll-მა მომხმარებელს ახალი სერვისი - ჯგუფური მგზავრობაც (group riding) შესთავაზა.