ბიზნესი
24/06/2021

“ძველი ავეჯის განახლებაზე მაღალი მოთხოვნაა“– Taso Design-ი სახელოსნოს აფართოებს

Taso Design-ი სახელოსნოს აფართოებს, კომპანია მომხარებლებს ორიგინალური დიზაინის ხელნაკეთ ავეჯს და საყოფაცხოვრებო აქსესუარებს სთავაზობს.კომპანიის დამფუძნებელი ტასო რაზმაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ძველი ავეჯის განახლება ძალიან მოთხოვნადია და აღნიშნულ სერვისზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება.  

“სექტემბრისთვის დიდი გეგმები გვაქვს, სახელოსნოს გაფართოებას ვაპირებთ, სადაც სამუშაო ფართის გარდა ჩემი ავეჯის “შოურუმი“ განთავსდება. ეს იქნება ადგილი, სადაც თავს მოიყრის ჩემი გემოვნებით და სურვილით შექმნილი ნივთები.სახელოსნო საკუთარი ფინანსური რესურსით მოვიყვანე დღევანდელ კონდინციამდე. არაფერს გამოვრიცხავ, ვნახოთ რამდენად გავუმკლავდები ჩემი გეგმების რეალიზებას. შესაძლებელია, რომელიმე საგრანტო კონკურსში მივიღო მონაწილეობა.

ამ ეტაპზე სახელოსნოში მარტო ვმუშაობ,თუმცა საჭიროების შემთხვევაში, გვერდში მიდგას პროფესიონალთა ჯგუფი, რომლებიც მეხმარებიან რბილი ავეჯის განახლებასა და დაზიანებული ნივთების შეკეთებაში.“– აღნიშნავს, Taso Design–ის დამფუძნებელი.

კომპანიის ნამუშევრების ნახვა Facebook გვერდზეა შესაძლებელი, ასევე მაღაზია "ჰოუმმეიდში", სადაც სხვა უამრავ ავეჯთან ერთად Taso Design–ის ბრენდული ავეჯი და სხვადასხვა აქსესუარები იყიდება.

„ძველი ავეჯის გადაკეთება ძალიან საინტერესოა.ის რამოდენიმე ეტაპს მოიცავს და საკმაოდ შრომატევადია. პირველ ეტაპზე, დამკვეთთან ერთად ავეჯის ტრანსფორმაციის იდეაზე ვთანხმდებით. შემდეგ კი ფიზიკური შრომა იწყება, რომელიც არასასურველი საფარისგან ნივთის გასუფთავებას მის შეკეთებას, შემდეგ კი საბოლოო სახის მისაღებად მომზადებას გულისხმობს.

Taso Design–ს საფუძველი საკმაოდ სპონტანურად ჩაეყარა. ბიზნესზე არც მიფიქრია. საკუთარი ძველი ავეჯი გადასაყრელად დამენანა და გადავწყვიტე ვიზუალურად შემეცვალა. პროფესიით მხატვარი ვარ და იდეაც მარტივად მომივიდა,განხორციელებაც არ გამჭირვებია. ამ პროცესმა იმდენად გამიტაცა და ისეთი მოწონება დაიმსახურა გარშემო მყოფებში, რომ მალე ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე გადაიზარდა იმ საქმიანობაში, რომელშიც უკვე რვა წელია ვმოღვაწეობ და რომელმაც დღეს Taso Design–ი საკმაოდ წარმატებულ ბრენდად აქცია.“– ამბობს, ტასო რაზმაძე.