DJ თვეში 300-500 ლარის ჰონორარს მიიღებს - ელექტრონული მუსიკის დახმარების პროგრამის დეტალები
“კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობას” ხელმძღვანელი დავით ლეჟავა „ბიზნესპარტნიორთან“ ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სექტორის დახმარების პაკეტს აფასებს.
მისი ინფორმაციით, მერიის დახმარება გულისხმობს ინდივიდებისთვის ან ორგანიზაციებისთვის იჯარის, კომუნალურების ნაწილში ხელშეწყობას, აპარატურების და ტექნიკის მუშა მდგომარეობაში არსებობას და ტექნიკური პერსონალის ჰონორარებს 3 თვის განმავლობაში.
„დახმარების პაკეტი, რომელიც მერიამ დაანონსა, არის ჩვენი პროგრამით გაკეთებული. ეს არის ელექტრონული სცენის გადარჩენის პროგრამა. ეს იყო 4 პუნქტიანი და 6 თვიანი გეგმა, რომელიც მერიას მივაწოდეთ 2020 წლის დეკემბერში. მართალია, მათ დაგვიკმაყოფილეს მხოლოდ ნახევარი, ანუ მხოლოდ 3 თვე, თუმცა, ეს რეალურად სრულად დაეხმარება ელექტრონული მუსიკის ინდუსტრიას, თანამშრომლებს (შემოქმედებითი, კულტურული, ტექნიკური და მენეჯმენტი). დახმარების პაკეტი შეეხება ინდივიდუალურ სივრცეებსაც,“ - აცხადებს დავით ლეჟავა.
ვისზე გავრცელდება კონკრეტულად ეს შეღავათები და რა კრიტერიუმებით შეირჩევა პირი/ორგანიზაცია, რომელიც მერიისგან დახმარებას მიიღებს, ლეჟავა აცხადებს, რომ ფორმაზე შეთანახმება ბოლომდე დასრულებული არ არის. თუმცა, დიდი ალბათობით ეს იქნება ონლაინ აპლიკაციის მეშვეობით, რომელსაც სხვადასხვა ორგანიზაციები/ინდივიდები შეავსებენ და თუ დააკმაყოფილებენ კრიტერიუმებს, უკვე შემდეგ გაიცემა თანხები გრანტის სახით. დაზუსტდება კრიტერიუმებიც.
“ჰონორარს თითეული ინდივიდი თვეში 300 ლარიდან 500 ლარამდე მიიღებს (3 თვის განმავლობაში). თუმცა, იქნება კრიტერიუმები, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს DJ-მ, პროდიუსერმა, განათების ინჟინერმა, ხმის ინჟინერმა თუ ვიდეო პროექციების სპეციალისტმა,“ - აცხადენს ლეჟავა.
მისი განცხადებით, სექტორს არსებობის და განვითარების ყოველგვარი რესურსი ამოწურული აქვს, რადგან ზუსტად 1 წელია დახურულები არიან. როგორც ლეჟავა განმარტავს, ეს თანხები მინიმალურ ლიკვიდურობას შესძენს ამ სისტემას და სექტორი შეძლებს გაზაფხულის გადატანას.
„რაც შეეხება ზაფხულს, მერიიდან გვაქვს დაპირება, რომ შევქმნათ ისეთი ფორმატი, რომ ღია სივრცეებმა შეძლონ ზაფხულის პერიოდში ფუნქციონირება“-აცხადენს ლეჟავა.
კითხვაზე, დააკომპენსირებს თუ არა დახმარების ეს პაკეტი იმ ზარალს, რაც სექტორმა 1 წლის განმავლობაში მიიღო, ლეჟავა აღნიშნავს, რომ სექტორმა ასეული მილონობით ლარის ზარალი მიიღო, თუმცა, ამ შემთხვევაში ეს არის მინიმალური გადარჩენის ფონდი, რომელიც საკმაოდ ეფექტური იქნება.
შეგახსენებთ, ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სექტორის წარმომადგენლები დახმარების პაკეტს მიიღებენ. კახა კალაძის თქმით, ამ მიზნით გამოყოფილია 2 მლნ ლარი, დახმარების პაკეტით კი, მინიმუმ 500 ადამიანი ისარგებლებს.
„ფინანსური პაკეტით პირველ რიგში მუსიკოსები, არტისტები და ტექნიკური პერსონალი ისარგებლებს. ელექტრონული მუსიკის სივრცეებისთვის მოხდება საიჯარო თანხების სრულად და ნაწილობრივ მხარდაჭერა. სფეროში ჩართული იურიდიული პირებისთვის განსაზღვრული კომუნალური გადასახადების მხარდაჭერა იქნება, ასევე ზაფხულის პერიოდში დაიწყება უსაფრთხო აღდგენის შესაბამისი სამუშაოები“,- აღნიშნა კახა კალაძემ.