ბიზნესი
07/09/2023

CROSTY ლოს-ანჯელესსა და ნიუ-იორკში ბრენდული მაღაზიების გახსნას გეგმავს

CROSTY აშშ-ში ბრენდულ მაღაზიებს გახსნის. როგორც ფეხსაცმელების ქართული ბრენდის დამფუძნებელი გიორგი მიქაია „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, პირველი მაღაზია, 6 თვეში, ლოს-ანჯელესში უნდა გაიხსნას. მომავალი წლის გეგმებშია კიდევ ერთი ბრენდული მაღაზიის ნიუ-იორკში გახსნაც.

„ახლა ძირითადი მარკეტი ჩვენთვის ამერიკაა, სადაც აქტიურად ვმუშაობთ. მოცემულ ეტაპზე, თითქმის ყოველ თვე 20% - 25% -ით ვიზრდებით. ვემზადებით ამერიკაში ჩვენი ბრენდული მაღაზიის გახსნისთვის. სწრაფი მიწოდება რომ გვქონოდა, ამერიკაში საწყობები უკვე გავხსენით. ასევე, შევედით რამდენიმე მულტიბრენდულ მაღაზიაშიც. თუმცა, მთავარი სტრატეგია ბრენდული მაღაზიის გახსნაა, რომელიც მომავალ წელს ლოს-ანჯელესში გაიხსნება,“ - განაცხადა გიორგი მიქაიამ.

ამერიკის ბაზრის საფუძვლიანად ათვისების შემდეგ, დაახლოებით 2 წლიან პერსპექტივაში, ქართული ბრენდი აზიის ბაზარზე გასვლასაც გეგმავს.

როგორც გიორგი მიქაიამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, სამიზნე ჩინეთის მზარდი ბაზარია, სადაც ტოპ ბრენდები და პრემიუმ პროდუქტებია წარმოდგენილი.

ცნობისთვის, Crosty-ს შექმნის იდეა ორ ძმას ეკუთვნის. სპორტული ფეხსაცმლის გაყიდვები კომპანიამ ოფიციალურად 2016 წლის ნოემბერში დაიწყო და ექსპორტზეც გავიდა.

Businesspartner