"ჩვენს კლიენტებს არ ვურჩევთ ქართულ სასამართლოში წასვლას" - ბიზნესსაქმეები და მართლმსაჯულება
უცხოეული ბიზნესმენები ფიქრობენ, რომ ქართულ მართლმსაჯულებას კვალიფიკაციის, სანდოობისა და განჭვრეტადობის პრობლემა აქვს. მათ კი ვისაც ქართულ კომპანიაში ფულის დაბანდება სურს, ამ პრობლემების შესახებ აფრთხილებენ.
არსებული ტენდენციების შესახებ კარგად იცის იურიდიული კომპანია BLB-ის პარტნიორმა, თბილისის ყოფილმა პროკურორმა, მაია მწარიაშვილმა, რომელიც „ბიზნესპარტნიორთან“ საკუთარი კლიენტების გამოცდილებაზე საუბრობს.
„მართლმსაჯულება ქვეყანაში ყველაფრის ქვაკუთხედია. ინვესტორებს სჭირდებათ სამართლებრივი გარანტიები. საინვესტიციო გარემოს შეფასებისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი ინდიკატორი მართმსაჯულებაა. იმ ქვეყანაში, სადაც ინვესტიციას დებს, ინვესტორმა უნდა იცოდეს სამართლებრივი დავის შემთხვევაში რამდენად სწრაფად, ეფექტურად, მიუკერძოებლად მიიღებს მაღალი ხარისხის მართმსაჯულებას. მოგეხსენებათ, ჩვენი რამდენიმე კომპანია, ძირითადად ბანკები, გასულები არიან ლონდონის საფონდო ბირჟებზე და საჯარო წესით ვაჭრობენ აქციებით. როგორც წესი, ამ პროცედურებისთვის მზადდება ხოლმე სპეციალური პროსპექტუსები, რომელზეც უცხოური და ქართული იურიდიული კომპანიები ვმუშაობთ ხოლმე. ამ პროსპექტუსებს წინ უძღვის დანართი. ყველგან წერია, რომ ქართულ მართლმსაჯულებას აქვს კვალიფიკაციის, სანდოობის, განჭვრეტადობის პრობლემა. ანუ, მათ, ვინც შესაძლებელია იყიდოს ქართული კომპანიების აქციები აფრთხილებენ. ამაზე მხოლოდ შიგნით არ ვსაუბრობთ. ეს ისაა, რაზეც ისინიც საუბრობენ გარეთ“, - ამბობს მწარიაშვილი.
იურისტი ქართული მართმსაჯულების სამ მთავარ პრობლემას ასახელებს - ადმინისტრირების, მოსამართლეების კვალიფიკაციისა და სინდისიერების.
„სინდისიერებაში თავის მხრივ დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა იგულისხმება. ეს ყველაფერი კი ითარგმნება ნდობაში. ჯამში, არ გვაქვს ნდობა. ამას ემატება კლანური მმართველობა. ამ კლანურ მმართველობაზე კი მარტო ჩვენ არ ვსაუბრობთ. პომპეო რომ ჩამოვიდა საქართველოში, სულ მგონი 3 საათი იყო და ნახევარი დრო კლანზე საუბარს დაუთმო. ვიღაცას მოსწონს თუ არა, ეს მოცემულობაა. არც ერთ ბიზნესმენს არ უნახავს საერთაშორისო სასამართლოებში კლანური მმართველობა, ჩვენ კი ეს გვაქვს“,- განმარტავს იურისტი.
მაია მწარიაშვილის თქმით, ადმინისტრირების პრობლემას ქართულ მართლმსაჯულებაში ხშირად არაკეთილსინდისიერად იყენებენ.
„საქმეების უსასრულოდ გაჭიანურება ბერკეტია არაკეთილსინდისიერების შემთხვევაში. აქ მხოლოდ იმაში არ არის საქმე, რომ ცოტა მოსამართლეა, საქმეებით გადატვირთული და ა.შ. აქ არათანმიმდევრულობას ვაწყდებით. მაგალითად, ჩვენ ვაწარმოებთ საქმეს. სახელმწიფოს წინააღმდეგ დავაა. წინა ხელისუფლების დროს ბიზნესმენს წაართვეს უზარმაზარი ბიზნესი, თბილავიამშენის ქარხანა მაქვს მხედველობაში. ინვესტორებმა 76 მილიონი გადაიხადეს მაშინ პრივატიზებაში. რამდენიმე წლის შემდეგ კი, ერთ ღამეში, როგორც ხდებოდა, 22-მა აქციონერმა ეს ქონება უსასყიდლოდ აჩუქა სახელმწიფოს. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2013 წლიდან, ინვესტორები დაობენ სასამართლოში. უკვე მეცხრე წელი გავიდა, სასამართლო წარმოება კიდევ არ დაგვისრულებია. ამ პერიოდში გარდაიცვალა რამდენიმე ინვესტორი. უზენაეს სასამართლოში ყველა ვადის დარღვევით აგდია ეს საქმე სადღაც, როდის დასრულდება არავინ იცის. ეს შემთხვევა სახელმწიფო რეკეტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საქმეა. მართალია იმ ხელისუფლების პირობებში, მაგრამ არც ეს ხელისუფლება უზრუნველყოფს მის დაბრუნებას სათანადო მართლმსაჯულებით. მხარეს არ აქვს ეფექტური დაცვის მექანიზმი. აი, რა არის ინდიკატორი ინვესტორისთვის. როდესაც სახელმწიფოს წინააღმდეგ დაობ, ქართულ მართლმსაჯულებაში მინიმუმ 9 წელი შედეგს ვერ ეღირსები. მეორე მხრივ, სხვა შემთხვევებიც გვაქვს. ძალიან დიდი ამერიკული ინვესტიცია იყო. იქ ქართულმა სასამართლომ ასევე სხვადასხვა მანქანებით მოახერხა, რომ სარჩელის შესვლიდან 10 დღეში ჩაენიშნა პროცესი და 9 წუთში დაესრულებინა ის. ისე, რომ მთელი უცხოური ინვესტიციები გადააფორმა ერთ-ერთ ქართულ კომპანიაზე. უცხოელმა ინვესტორმა სულ შემთხვევით გაიგო, რომ მთელი მისი აქტივები სხვა მესაკუთრის ხელში აღმოჩნდა. როგორ შეიძლება, ერთსა და იმავე მართლმსაჯულებაში 9 წელი ვერ იღებდე გადაწყვეტილებას და პარალელურად 9 წუთში ასრულებდე ერთ საქმეს. ეს ხომ მანიპულირებაა. ინვესტორებმაც კარგად იციან, რომ ეს მხოლოდ ობიექტური გაჭიანურება აღარ არის. ბოლო წლებია, ჩვენს კლიენტებს, როგორც წესი არ ვურჩევთ, რომ დავის საგნად აირჩიონ სასამართლო. ყოველთვის ვურჩევთ, რომ აირჩიონ არბიტრაჟი. თუმცა, ქართული არბიტრაჟები რომ ვერ შედგა, ეს კიდევ ცალკე საკითხია“,- ჰყვება ქალაქის ყოფილი პროკურორი.
მაია მწარიაშვილი ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევად თვლის მოსამართლეების კვალიფიკაციის საკითხსაც. იურისტი აქ პრობლემას განათლების სისტემაშიც ხედავს და ამბობს, რომ დღეს, სისტემაში მომუშავე მოსამართლეების კვალიფიკაცია თანამედროვე ბიზნეს სამართლის ტენდენციებს არ შეესაბამება.
„თანამედროვე ბიზნეს-სამართალი ისეთი დარგია, ძირითადად ჩვენს სასწავლო დაწესებულებებში არ ისწავლება იმ ხარისხით, რაც საჭიროა. ჩვენი მოსამართლეთა თაობა კი ძირითადად ის თაობაა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თითქმის ყველა სადარბაზოში რომ იყო გახსნილი სასწავლებლები და უამრავი დიპლომის მიმართ რომ არსებობს პრეტენზია. არიან კვალიფიკაციის მქონე მოსამართლეებიც, ოღონდ თითზე ჩამოსათვლელად. უზენაესში დაახლოებით სამი და აპელაციაშიც ორი-სამი. ძალიან დიდი პრობლემაა უცხო ენის არცოდნა. უცხო ენა თუ არ იცი, ვერაფერს გაიგებ“, - აცხადებს მწარიაშვილი.
ქართული მართლმსაჯულების მესამე და ყველაზე დიდი პრობლემა, ქალაქის ყოფილი პროკურორის თქმით, სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობაა.
„ამ ქვეყანაში არსებობს დიდი ეჭვი, რომ სასამართლო ხელისუფლებაში არაფერი შეცვლილა და ეს კლანური მმართველობა სწორედ ამას ნიშნავს. ამიტომ ქართული სასამართლო არ იწვევს ნდობას. უცხოელ ინვესტორებს ამის კონკრეტული მაგალითები აქვთ. როდესაც უცხოელი ინვესტორები სახელმწიფოს წინააღმდეგ დავას იწყებენ, სულ საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართავენ. ეს ტენდენციაა. ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ეს საარბიტრაჟო დავები სახელმწიფოს წინააღმდეგ ცუდ საინვესტიციო კლიმატს ქმნის ქვეყნისთვის. კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან. ვიცავდით უცხოელი კლიენტის ინეტერსებს.
რამდენიმე მილიონიანი მოთხოვნა იყო. სამი წელი პროცესი საერთოდ არ ჩაინიშნა. ამასობაში მოპასუხემ დაკარგა ლიცენზია, რადგან მას ვადა ამოეწურა. ყველა აქტივი ამოეწურა და გაკოტრების რეჟიმში გადავიდა. ბოლოს მხარე იძულებული იყო მორიგებულიყო მხოლოდ იურიდიულ ხარჯებზე, 15 000-ის დაკმაყოფილებაზე. მრავალმილიონიანი დავიდან სასამართლომ იმდენი მოახერხა, რომ კომპანიას არაფერი აღარ დარჩა“,- ჰყვება BLB-ის პარტნიორი, მაია მწარიაშვილი.