ჩვენ მკითხველმა გადაგვარჩინა - ხელისუფლების ყურადღების მიღმა დარჩენილი გამომცემლობები
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე გვანცა ჯობავა „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ხელისუფლებამ საგამომცემლო სექტორს მნიშვნელოვანი დახმარება არ გაუწია.
„ჩვენ შემუშავებული გვქონდა ანტიკრიზისული გეგმა, ჯერ კიდევ გაზაფხულზე, როდესაც ხელისუფლებას მივმართეთ. წლის ბოლოს, მეორე ჩაკეტვასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ოფიციალურად, ღია წერილით მივმართეთ, შეხვედრა გვქონდა კულტურის სამინისტროსთან, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამას შედეგი არ მოჰყოლია. ჩვენი შეთავაზება იყო საბანკო შეღავათები, საშემოსავლო გადასახადის დროებით მოხსნა, დღგ-ს მოხსნა. დაგვპირდნენ, რომ განიხილავდნენ ამ ყველაფერს, მაგრამ ჯერჯერობით რეალური შედეგი ამ თვალსაზრისით არ არსებობს.
სახელმწიფოს მხრიდან ფუნდამენტური, ძირეული მხარდაჭერა სამწუხაროდ არ იყო, თუმცა იყო მცირე დახმარებები მწერალთა სახლის მხრიდან, რომელიც კულტურის სამინისტროს სსიპ-ია. მათ ჰქონდათ პროექტული მცირე დახმარებები, რომელიც უფრო გათვლილი იყო მწერლებზე, გამომცემლებზე, თუმცა ყველა გამოცემას არ შეხებია. ამის რა თქმა უნდა მადლიერები ვართ, თუმცა სამწუხაროდ ეს საკმარისი არ არის. 10 მილიონიანი ზარალი რამდენიმე პროექტით ვერ მოგვარდება. საჭირო იყო ძირეული მხარდაჭერა, შეღავათების დაწესება. ველოდებოდით, რომ სახელმწიფო ასეთ ნაბიჯებს გადმოდგავდა, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერჯერობით ეს ასე არ მომხდარა“,- აცხადებს გვანცა ჯობავა.
როგორც მან აღნიშნა, პანდემიის დროს მკითხველმა ძალიან დიდი სოლიდარობა გამოიჩინა, რაც გამომცემლობების არსებობის გაგრძელებას დაეხმარა.
„სწორედ იმიტომ, რომ ჩვენთვის მხარი დაეჭირათ და სფეროს მიმართ თავიანთი მადლიერება გამოეხატათ, ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობდა, ამ ჩაკეტვის ჟამს ონლაინც მაინც შეეძინათ წიგნები და ამით მცირე წვლილი შეეტანათ. ეს მცირე წვლილი კი, ჩვენთვის ძალიან დიდი წვლილი იყო, რეალურად ჩვენ ამან გადაგვარჩინა, რადგან ჩვენი მყიდველი ონლაინ გაყიდვების თვალსაზრისით გააქტიურდა და ამ გზით გვიჭერდნენ მხარს. ჩვენ მათი მადლიერები ვართ“,- განაცხადა გვანცა ჯობავამ.
მისი თქმით, კრიზისის ფონზე არცერთი გამომცემლობა საბოლოოდ არ დახურულა, თუმცა რამდენიმეს ფაქტობრივად შეჩერებული აქვს საქმიანობა.
„ამ ეტაპზე ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე გამომცემლობა დაიხურა და არსებობა შეწყვიტა, ასეთი შემთხვევა საბედნიეროდ ჯერჯერობით არ გვქონია, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც გამომცემლობებს ფაქტობრივად შეჩერებული აქვთ საქმიანობა, სწორედ ამ ვალდებულებების გამო, რომელიც ასე დააწვათ ზურგზე. სიახლეები აღარ აქვთ, ახალ წიგნებს ვერ გამოსცემენ, ბევრი თავს იკავებს, ელოდება რა სიტუაცია იქნება, რადგან უკვე ძალიან დიდი რისკია ახლის დაწყება“, - აღნიშნა გვანცა ჯობავამ.
გვანცა ჯობავა ამბობს, რომ სექტორის საქმიანობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული. განსაკუთრებით დაზარალდნენ მცირე და საშუალო გამომცემლობები.
„ეს ძალიან აქტიური სექტორი იყო. შიშით ვუყურებთ იმას, რომ ის, რაც ამდენი წლის განმავლობაში დიდი რუდუნებით ვაშენეთ, ახლა ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დადგა. ის, რომ მეტ-ნაკლებად დიდი გამომცემლობები ახერხებენ, გაუძლონ ამ დიდ დარტყმას, ცხადია ეს საკმარისი არ არის, რადგან სექტორი ვერ იქნება ჯანსაღი მხოლოდ დიდ მოთამაშეებთან ერთად. ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც საშუალო, ისე პატარა გამომცემლობების ბედი, რადგან ისინი ქმნიან სწორედ ჩვენი სექტორის სურათს და მათი საქმიანობაც ძალიან ძვირფასია ჩვენთვის. ზოგადი სურათი, განსაკუთრებით პატარა ორგანიზაციების მიმართ, ძალიან მძიმე და საყურადღებოა.
მძიმეა ისიც, რომ ქვეყანაში კრიზისი მატულობს, უმუშევრობა მატულობს და შესაბამისად ეს აუცილებლად აისახება იმაზე, რომ ადამიანები უფრო მოტივირებულები არიან პირველადი დანიშნულების პროდუქტებზე, საკვებზე, წამალზე და არა განათლებაზე და ზიგნზე. ეს ფონი ზოგადად ძალიან მძიმეა“,- განაცხადა გვანცა ჯობავამ.