Burger Lions-ი ფრენჩაიზის გერმანიაში გაყიდვაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს
Burger Lions-მა „ასტერიქსის“, „ობელიქსის“ და „იდეაფიქსის“ შემდეგ მომხმარებელს ახალი ბურგერი, სახელად “ბერმუდი” შესთავაზა, რომელსაც ბევრ სხვა პიკანტურ გემოსთან ერთად, ღვინისა და ბროწეულის სოუსებიც აფორმებს.
ბიზნესი სწორედ პანდემიის დროს გაიზარდა. პატარა ლოკაციაზე წარმოდგენილი ობიექტი, შეიძლება ითქვას, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილებას საკმარისად ვერ ახერხებდა და სწორედ მომხმარელთა სტიმულითა და მხარდაჭერით გაფართოვდა, ნაწარმზე ფასები შეინარჩუნა და რეგულაციების პირობებში მიტანის სერვისი გაააქტიურა.
„საქმიანობა პატარა საცხობით დავიწყე და დარგან ხორცის შერჩევაში დიდი გამოცდილება მქონდა, საცდელად რამდენიმე ბურგერი დავამზადე. მაიონეზი საერთოდ ამოვიღეთ მომხმარებიდან და გემომ იმდენად გაამართლა, რომ სახელი მალევე გავითქვით. წარმოიდგინეთ, მომხმარებელს არ ეზარებოდა შორი დასტანციიდან მოსვლა და გარე სივრცეში ლოდინი, მაშინ დასასხდომებიც კი არ გვქონდა მოწესრიგებული. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ ლოკაციის შეცვლა და გაფართოება გადავწყვიტეთ. დაახლოებით, 2 კვირა წარმოუდგენელი დატვირთვით ვიმუშავეთ, შეკვეთებს ვერ ავუდიოდით და შემდეგ საქმიანობა შეგვეზღუდა,“ - საუბრობს „ბიზნესპარტნიორთან“ Burger Lions-ის დამფუძნებელი, ნიკა სამადაშვილი.
მარჟა 25-დან 30%-მდეა, როგორც ამბობს, უფრო დიდ მოგებას ხარისხის და მომხმარებლის სტაბილურად შენარჩუნება ურჩევნია. ახლა ბიზნესი თავის თავს ინახავს, გაზრდილ კომუნალურ გადასახადებს იხდის და რეგულაციების შემსუბუქებას ელოდება.
„ახალი ბურგერი 3 თვიანი მუშაობის შედეგია. საუკეთესო ხორცის შერჩევა ჩემთვის უმარტივესი საქმეა, რასაც ვერ ვიტყოდი სოუსების მომზადებაზე. აქ ბევრი ცდა და დიდი სიფრთხილეა საჭირო. თუ ერთმა პროდუქტმა მაინც არ გაამართლა, შეიძლება დანარჩენებიც თან გაიყოლოს და რეპუტაციაც შეილახოს. მე ფილიალების გახსნაზეც კი უარს ვამბობ, რადგან რისკია, რომ ხარისხი საკმარისი სიზუსტით არ შენარჩუნდეს. ჩემთვის კი ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ის, რომ „ბურგერ ლომები“ საკმაოდ მოკლე ხანში ცნობადი და მოთხოვნადი გახდა, ჩემი და ჩემი გუნდის დიდი შრომის შედეგია. განსაკუთრებულად ჩართულია ყველა პროცესში ჩემი საქმიანი პარტნიორი, რომელიც ჯერ მხოლოდ 20 წლისაა, თუმცა ყველაფერს აკეთებს, რომ კიდევ უფრო წარმატებულ კომპანიად ჩამოვყალიბდეთ,“ - აცხადებს ნიკა სამადაშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ ფილიალების გახსნა ადგილობრივი მასშტაბით არ იგეგმება, მიმდინარეობს მოლაპარაკებები გერმანიაში ფრენჩაიზის გაყიდვაზე.
„გერმანიაში საქმის მიმართ სხვა მიდგომა და სხვა სტანდარტებია. მთავარია, ხორცმა შეგვიწყოს ხელი, რომ რეცეპტუარის ანალოგი უპრობლემოდ გაკეთდეს. სოუსებში ისინი ჩვენზე წინ არიან და თუკი შესაფერის ხორცზე ჩამოვყალიბდებით - თბილისში შექმნილი ბურგერის გემოს შტუდგარდშიც გასინჯავენ,“ - აცხადებს სამადაშვილი.
Burger Lions ბაზარზე დაახლოებით 1 წელია გამოჩნდა. სტანდარტული ზომის გარდა ის მომხმარებელს ტორტის ზომის ბურგერებსაც სთავაზობს, რომელსაც, გურმანები, სწორედ განსაკუთრებულ შემთხვევბში უკვეთავენ.