ბიზნესი
31/08/2023

"ბონსაის" მენეჯერი: მოთხოვნა მაღალფასიანი ბონსაების მიმართ იზრდება

საქართველოში ბონსაი სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. როგორც კომპანია „ბონსაის„ მენეჯერი ნიკოლოზ მესხი „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნავს, ცნობადობასთან ერთად, სპეციალური ტექნიკით გაზრდილ, მინიატურულ ხეებს, ბოლო წლებში, ღირებულებაც მოემატათ.

„წლიდან წლამდე მყიდველების რაოდენობა იზრდება, თუმცა მოთხოვნა თავიდანვე იმაზე მეტი იყო, ვიდრე მიწოდება შეგვეძლო. ამ მხრივ ვითარება არ შეცვლილაა. ერთადერთი რამ, რაც ამ კუთხით შეიცვალა არის ის, რომ მოთხოვნა უფრო დახვეწილი, უნიკალური და მაღალფასიანი ბონსაების მიმართ გაიზარდა. ხალხი მზადაა ბონსაიში იმაზე ბევრად მეტი გადაიხადოს, ვიდრე მაგ. 5 წლის წინ იხდიდა,“- აცხადებს ნიკოლოზ მესხი.

როგორც „ბონსაიში“ განმარტავენ, მოთხოვნა ძირითადად კორპორატიული საჩუქრების მიმართულებაზე მოდის. ასევე დიდი წილი მოდის კერძო პირებზეც, ბონსაის მოყვარულებზე, ვისაც იაპონური კულტურა მოსწონს და მინიატურულ ხეებს საკუთარი თავისთვის ყიდულობს. იყო შემთხვევებიც, როდესაც საქართველოში გაზრდილი ბონსაი უცხოეთშიც მოხვდა.

„გასულ წელს Airbnb-ზე დავამატეთ ლექცია-ექსკურსიები, სადაც უცხოელ ვიზიტორები ჩვენს ბონსაებს ეცნობიან. ასე გაიყიდა დაახლოებით 3-4 ბონსაი. ტურისტებმა თავიანთ ქვეყანაში ჩვენი მინიატურული ხეები საკუთარი ხარჯებით წაიღეს,“- აცხადებს ნიკოლოზ მესხი.

როგორც "ბონსაის" მენეჯერი ნიკოლოზ მესხი „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნავს, მათი მიზანი მინიატურული ხეების, სპეციალური ტექნიკით გაზრდის იაპონური ხელოვნების საქართველოში პოპულარიზაციაა. ამიტომ, სამომავლოდ, „ბონსაი“ სასტუმროებსა და სხვა საჯარო სივრცეებთან მოლაპარაკებას გეგმავს, რათა ბონსაი ხალხის თავმოყრის ადგილებში გამოჩნდეს.

Businesspartner