ბაზარზე ნატურალური სამოსის ახალი ბრენდი - I Wear ECO გამოჩნდება
უახლოეს მომავალში ბაზარზე ნატურალი სამოსის ახალი ბრენდი გამოჩნდება. I Wear ECO - ს პირველი გაზაფხული-ზაფხულის მულტიფუნქციური კოლექცია რეალიზაციაში წელს ჩაეშვება.
ახალი, ქართული, ეკო ბრენდის უკან სტარტაპი „კავკასიის ფერები“ დგას, რომელმაც ადგილობრივი ტრადიციული ღებვრის რეცეპტები აღადგინა, გაათანამედროვა და თანამედროვე მოდის ინდუსტრიაში შემოიტანა.
კომპანია ნატურალურ სამოსს თავდაპირველად მხოლოდ ცნობილ ქართულ ბრენდებთან ერთად ქმნიდა, თუმცა, როგორც ბრენდების დამფუძნებელი, ნინო იოსელიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, კოლაბორაციების შედეგად მიღებულმა გამოცდილებამ ახალი პერსპექტივები გააჩინა.
„ჩვენი კოლაბორაციებით შექმნილი ტანსაცმელი გლობალურ ბაზარზე, კონცეპტუალურ მაღაზიებში - მაგ. იბიცაზე, ამერიკასა და კანადაში წარმატებით და საკმაოდ ძვირად იყიდება, რაც კარგის მანიშნებელია. კოლაბორაციებმა ჩვენ საკმაოდ დიდი გამოცდილება შეგვძინა და გადავწყვიტეთ საკუთარი ტანსაცმლის ხაზის გაკეთებაც.
გაზაფხული-ზაფხულის პირველი მულტიფუნქციური კოლექცია ბაზარზე წელს გამოჩნდება. ასევე ვმუშაობთ მამაკაცის ჰუდებსა და მაისურებზეც. წარმოებაში მალე თეთრეულსაც ჩავუშვებთ,“ - ამბობს ნინო იოსელიანი.
შეგახსენებთ, სტარტაპი „კავკასიის ფერები“ 2019 წლიდან ბუნებრივი საღებავებით ნატურალურ ქსოვილებს - აბრეშუმს, ბამბასა და შალს ღებავს. ტრადიციულ ღებვაში კი ისეთ სამკურნალო მცენარეებს - ყვავილებსა და მინერალებს იყენებს, როგორებიცაა მაგ. ევკალიპტი, გვირილა, ენდროს ფესვები, გულყვითელა.