ბიზნესი
31/10/2022

ბაზარზე მალე ქართული ანტიმიკრობული სპრეი გამოჩნდება, რომელიც ვირუსული ინფექციებისგან დაგვიცავს

ქართულ ბაზარზე მალე ანტიმიკრობული სპრეი გამოჩნდება, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის დამატებით დაცვას ჰაერ-წვეთოვანი გზით გადამდები ბაქტერიული და ვირუსული ინფექციებისაგან. პროდუქტი სტარტაპმა GlyperA-მ, გერმანიაში მოღვაწე ქართველი მეცნიერის თეიმურაზ კურცხალიას გამოგონების საფუძველზე შექმნა. პროდუქტის ავტორები ამბობენ, რომ GlyperA-ს სპრეის ანალოგი არა თუ საქართველოში არ არსებობს, მისი უშუალო კონკურენტი არც მსოფლიო ბაზრებზეა. შესაბამისად, ქართველების მიერ შექმნილი ანტიმიკრობული სპრეით სულ უფრო მეტი ქვეყანა ინტერესდება. საექსპორტო მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს გერმანულ და ავსტრიულ კომპანიებთან. მანამდე კი, GlyperA-ს სპერის ეფექტურობა ჩეხეთში, ავსტრიასა და ინდოეთში ჩატარებული კვლევების შედეგად დაადგინეს და აღმოჩნდა, რომ ანტიმიკრობული სპრეი მიკრობების რიცხვს 100 პროცენტით ანადურებდა.

„GlyperA-ს სპრეი არის ანტიმიკრობული ტიპის სპრეი, რომელიც არის პირის ღრუს ჰიგიენისთვის და ამცირებს ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები დაავადებების გავრცელების რისკს და გვიცავს სხვადასხვა სეზონური დავადებებისგან, ვირუსებისგან, ბაქტერიებისგან და ამცირებს მიკრობულ ტვირთს პირის ღრუში“, - განუცხადა „ბიზნესაპარტნიორს“ ვახტანგ ფავლენიშვილმა, სტარტაპ GlyperA-ს შემქმნელმა.

მისივე ინფორმაციით, GlyperA-ს სპრეის უპირატესობები საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ მიახლოებულ პროდუქტებთან მიმართებით იქნება როგორც მისი ინოვაციურობა, ასევე საფასო პოლიტიკა. GlyperA-ს სპრეი ბევრად ხელმისაწვდომი იქნება.  

„კორონავირუსის პანდემიამ ასეთი ტიპის პროდუქტების განვითარებას საკმაოდ ძლიერად უბიძგა ხელი, ბევრი ქვეყანა მუშაობს ამაზე, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ უზარმაზარი უპირატესობა გვაქვს, ძალიან ძლიერ ინოვაციურ ტექნოლოგიაზე დაყრდნობით ვქმნით ჩვენს პროდუქტს, რომელიც დაპატენტებულია. ამჟამად, საერთაშორისო პატენტი გვაქვს, რომელმაც გაიარა ინტერნაციონალური ფაზა და ახლა, ნაციონალურ ფაზაზე შევდივართ, რაც ნიშნავს, რომ ძალიან მყარი პატენტი გვექნება, რომლითაც დავიცავთ ამ ტექნოლოგიას და შევქმნით საშუალებას, რომ მაშტაბირება მოხდეს ამ პროდუქტის და ლიცენზირებით წარმოება სხვა ქვეყნებში. ასევე შეგვეძლება საქართველოდან მისი ექსპორტი “, - განმარტა ვახტანგ ფავლენიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ქართული სტარტაპის მიერ შექმნილი ანტიმიკრობული სპრეი ბაზარზე სარეალიზაციოდ 8-დან 12 თვის ვადაში გამოვა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში უკვე 1 წელია იყიდება GlyperA-ს მიერ შექმნილი პირ-ხახის სავლები. სტარტაპი ანტიმიკრობული სპრეის განვითარების პარალელურად, ფუნქციური, გამაჯანსაღებელი საკვები პროდუქტების შექმნაზეც მუშაობს.