ბიზნესი
06/10/2022

AZRI: ჩვენი სტარტაპის დახმარებით, 22 000 ადამიანმა ქართულად წერა - კითხვა ისწავლა

AZRI - ენების შესწავლის უნიკალური მეთოდოლოგიის მქონე საგანმანათლებლო პლატფორმაა. საუბარია, ქართულ, არაბულ, სომხურ, ებრაულ და სხვადასხვა ენებზე. 

AZRI-ს დამფუძნებელი რამინ ჯინჭარაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ სტარტაპის ფარგლებში შექმნილია პლატფორმა, სადაც შესაძლებელია როგორც ქართული ენის, ისე კულინარიის, ლექსების და სიმღერის ონლაინ ფორმატში შესწავლა. 

ცენტრის სერვისების მიღება ამ ეტაპზე რუსულენოვანი მოსახლეობისთვისაა შესაძლებელი, 2 თვეში კი სერვისის მიღება ინგლისურენოვან მომხმარებელსაც შეეძლება.

ჯინჭარაძის ინფორმაციით, სტარტაპს დამუშავებული აქვს ონლაინ პლატფორმა, მობილური აპლიკაცია, პოდკასტები, ვიდეო გაკვეთილები, ჩატბოტები და ასე შემდეგ. 

„ახლა სტარტაპში 25 ადამიანია დასაქმებული და თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენმა გუნდმა ბოლო 6 წლის განმავლობაში ქართული ენა ციფრულ სამყაროში გადაიყვანა. ყველა სასწავლო მასალა ჩვენს მიერ არის შექმნილი.“-აცხადებს ჯინჭარაძე. 

მისი განმარტებით, ქართული ენის სწავლების 80% ავტომატიზირებულია, დანარჩენი 20% კი პირადი რეპეტიტორის ნაწილია. ქართული ბგერების სწორად გამოთქმას, წერას და კითხვას სტუდენტი 1-2 თვეში უნიკალური სწავლების მეთოდოლოგიის მეშვეობით ითვისებს. თუმცა, არის 8 თვიანი კურსებიც. 2 თვიანი კურსის ფასი $200-ს  შეადგენს.   

რაც შეეხება კულინარიის, სიმღერის და ლექსების შესწავლას, მომხმარებელს ეს $59-დან დაუჯდება.

მისივე განმარტებით, ამჟამად სკოლა სომხური ენის დამუშავების პროცესშია. შემდეგი იქნება არაბული ენა, რადგან სტარტაპის მთავარი აღმოჩენა უნიკალური დამწერლობის ენების სწავლების მეთოდოლოგიის შექმნაშია. გრძელვადიანი გეგმაა დაიმატოს კიდევ 10 ენა.

„ქართული ენის შესწავლით დაინტერესებული ადამიანების 70% რუსულ ენაზე საუბრობს. ესენი არიან, რუსები, უკრაინელები, ბელორუსები,“-აცხადებს ჯინჭარაძე. 

კითხვაზე, რუსეთ-უკრაინის შედეგად საქართველოში შემოსული მიგრანტების ფონზე ხომ არ გაიზარდა მოთხოვნა ქართული ენის შესწავლაზე, ჯინჭარაძე აცხადებს, რომ ინტერესი მზარდია, თუმცა, არა ისეთი, როგორც პანდემიის პერიოდში, რა დროსაც მათი მომხმარებლების რაოდენობა თითქმის გაოთხმაგდა.

„გაგვეზარდა კორპორატიული წილი. მაგალითად, ქართული ენა ვასწავლეთ IDS ბორჯომის უცხოელ თანამშრომლებს, თბილისის რძის ქარხნის თანამშრომლებს, ინტერესია IT კომპანიებიდანაც,“-აცხადებს ჯინჭარაძე. 

მისივე განცხადებით, პლატფორმაზე დარეგისტრირებულია გადახდები 43 ქვეყნიდან. შედეგად ქართული ენის კურსი 22 000-მა მომხმარებელმა (რუსულენოვანი მომხმარებელი) გაიარა. მათ შორის, არიან აფხაზეთიდან და ოსეთიდან.

 

Businesspartner