ბიზნესი
26/01/2023

ავტოიმპორტზე მოთხოვნა იზრდება, ფასების შემცირება კი მოსალოდნელი არ არის

საკონტეინერო გადაზიდვები იაფდება, თუმცა, ავტომობილების გაიაფება მოსალოდნელი არ არის. უფრო მეტიც, ავტოიმპორტიორები წელს ფასთა მატებას ელოდებიან. მიზეზი მზარდი მოთხოვნაა, რომელიც როგორც ადილობრივ ბაზარზე, ასევე მეზობელ ქვეყნებშიც შეინიშნება. რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, შუა აზიის ქვეყნებში ავტომობილები სწორედ საქართველოს გავლით ხვდება.

„ვფიქრობ,მოთხოვნის ზრდა კარგა ხანს გაგრძელდება. ეს მხოლოდ ყაზახეთი არ არის, მთლიანად შუა აზიაშია მოთხოვნა. თავის დროზე ეს ბაზრები რუსეთიდან მარაგდებოდნენ ახალი მანქანებით. ახლა ეს წყარო ჩაკეტილია და თავად რუსეთიც მიმწოდებლის გარეშეა დარჩენილი. მომარაგების ერთადერთ წყაროდ დარჩა საქართველოს ბაზარი და ვიდრე კონფლიქტი არ დასრულდება, ეს ვითარება შენარჩუნდება“ - აცხადებს „ბიზნესპარტნიორთან“ „კავკასიის ავტოიმპორტის“ დირექტორი გიორგი სურგულაძე.

მისივე თქმით, მზარდია მოთხოვნა სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზრებიდანაც. შესაბამისად, მოსალოდნელია რეექსპორტის მეტად გააქტიურება, ხოლო ამ ტენდენციის გათვალისწინებით, ფასების შემცირება მოსალოდნელი არ არის.

„ავტომობილების ფასები არ შემცირდება და ვვარაუდობ, რომ კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან, მოთხოვნას მატების ტენდენცია აქვს შუა აზიიდან და სომხეთიდან, შესაბამასად, ფასებს რა შეამცირებს?“ - განმარტავს გიორგი სურგულაძე.

ამასთან, მისივე თქმით, ფასების შემცირებას ხელს უშლის მსოფლიოში არსებული ლოგისტიკური პრობლემები, რასაც ქართულ პორტებში ტვირთების გადამუშავებასთან დაკავშირებული შეფერხებები დაემატა.

„ტრანსპორტირების ფასმა გარკვეულწილად დაიწყო დაბლა დაწევა, თუმცა, ეს ავტომობილების ფასზე ჯერ ვერ აისახება, რადგან სხვა რისკები რჩება. მიწოდების ჯაჭვის კრიზისი ამერიკის მხარეს მცირდება, მაგრამ ახალა ანალოგიური პრობლემა ქართულ პორტებშიც გაჩნდა. ზამთრის ბრუნვის დამუშავება საკმაოდ რთული ხდება. ბათუმის პორტში კონტეინერების დიდი რაოდენობის შესვლის გამო, ტვირთები გვიან დამუშავდა და საკმაოდ დიდი ჯარიმები დაგვეკისრა. ეს ჩვენს თავზე ავიღეთ კომპანიამ, მაგრამ ამ პროცესების გამო გაიაფების დაწყება გვიჭირს“ - აცხადებს გიორგი სურგულაძე.

Businesspartner