ბიზნესი
08/02/2021

ათეულობით მილიონის ზარალი და გაუყიდავი წიგნები - როგორ დააზარალა პანდემიამ გამომცემლობები

პანდემიამ როგორც ბიზნესის არაერთ მიმართულებას, საგამომცემლო ბიზნესზეც უარყოფითი გავლენა მოახდინა.

როგორც საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე გვანცა ჯობავა „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, გამომცემლობებისთვის განსაკუთრებით მძიმე იყო გაზაფხული, რა დროსაც კორონავირუსის გამო პირველად დაწესდა შეზღუდვები. ამ პერიოდში, დაახლოებით 2 თვის განმავლობაში სექტორმა 10 მლნ ლარის ზარალი განიცადა.

„ორგზის შეგვეხო ეს შეზღუდვები, ჯერ გაზაფხულზე, შემდეგ უკვე ნოემბრის ბოლოდან იძულებულები გავხდით, დაგვეხურა წიგნის მაღაზიები, რაც ჩვენთვის რეალიზაციის და შემოსავლის მთავარი წყაროა.

პირველი ჩაკეტვა განსაკუთრებით მძიმე იყო ჩვენთვის, რადგან გაზაფხულზე პირველი თვე არა მხოლოდ წიგნის მაღაზიები დაიხურა, არამედ ონლაინ ვაჭრობაც აკრძალული გვქონდა. ფაქტობრივად ყოველგვარი შემოსავლის გარეშე ვიყავით მთელი 1 თვის განმავლობაში.

დაახლოებით მაისის ბოლოს ჩვენ დავითვალეთ სექტორის ზარალი სრულად, რომელმაც 1.5-2 თვეში 10 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი თანხაა. ამის შემდეგ ნოემბრის ბოლოს მეორედ დავხურეთ წიგნის მაღაზიები, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენთვის ონლაინ გაყიდვა ნებადართული იყო, რაც რა თქმა უნდა უმჯობესი იყო წინა შემთხვევასთან შედარებით, იმ თვალსაზრისით, რომ ეს პერიოდი ჩვენ ონლაინ გაყიდვების სერვისების განვითარებასაც მოვახმარეთ. რადგან პანდემიამდე ნაკლებად აქტიური იყო ონლაინ გაყიდვები, ბევრ გამომცემლობასაც არ ჰქონდა ასეთი სერვისი და სწრაფ რეჟიმში მოუხდათ რაღაცეების შექმნა, ზოგმა შეძლო, ზოგმა ნაკლებად. რა თქმა უნდა რაც უფრო პატარაა გამომცემლობა, რესურსები ნაკლები აქვს, ამ შემთხვევაში უფრო მძიმეა პანდემიიდან გამომდინარე კრიზისი“, - აღნიშნა გვანცა ჯობავამ.

მისი თქმით, პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა წიგნების ბაზარზეც მოახდინა უარყოფითი გავლენა, რადგან მომხმარებლების შემოსავლები შემცირდა და მათ უკვე ნაკლებად ჰქონდათ შესაძლებლობა, წიგნები შეეძინათ.

„პირველ ეტაპზე, როდესაც ჩავიკეტეთ, მეტ-ნაკლებად შევძელით გამოვსულიყავით კრიზისიდან, რადგან სექტორში ერთგვარი დანაზოგი არსებობდა. შეზღუდვების მეორედ დაწესების ფონზე მართალი ონლაინ ვაჭრობა დაშვებული, გარკვეული პერიოდით მაღაზიებიც გაიხსნა, თუმცა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე მომხმარებელს ნაკლები შემოსავალი აქვს და წიგნებსაც ნაკლებად ყიდულობს. ეს აისახა ჩვენს ბაზარზე. უმძიმესი წელი იყო, ფიზიკური სახით ფესტივალის ჩატარებაც ვერ მოხერხდა, რაც ჩვენი სექტორისთვის ასევე მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა. ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი“,- აცხადებს გვანცა ჯობავა.

როგორც მან აღნიშნა, შექმნილი კრიზისის გამო დიდი გამომცემლობები ახერხებენ ბაზარზე თავი შეინარჩუნონ, პატარა და საშუალო გამომცემლობების შემთხვევაში, ახალი წიგნების გამოცემის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არის შემცირებული.

„საბედნიეროდ ახლა თებერვლიდან გაიხსნა უკვე მაღაზიები, დიდი იმედი გვაქვს, ეს მოგვცემს ამოსუნთქვის საშუალებას. მაგრამ, ზოგადად ფონი რა თქმა უნდა მძიმეა. საერთო სურათს რომ გადავხედოთ, მეტ-ნაკლებად დიდი გამომცემლობები ახერხებენ თავი შეინარჩუნონ ბაზარზე, გამოსცენ ახალი წიგნები. პატარა და საშუალო გამომცემლობების შემთხვევაში ახალი წიგნების გამოცემის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ამ დროისთვის ზუსტ სტატისტიკას ვერ ვამბობ, ჩვენ მწერალთა სახლთან ერთად ვატარებთ წიგნის ბაზრის კვლევას, მათ შორის ჩვენს სექტორზე 2020 წლის პანდემიის გავლენის საკითხზე. შედეგები გაზაფხულზე გვექნება. ზოგადი დაკვირვებით შეიძლება ითქვას, რომ შემცირებულია გაყიდვები, ახალი წიგნების გამოცემა. ბევრი ვალდებულება აქვთ გამომცემლებს და პატარა გამომცემლობებს განსაკუთრებით უჭირთ ამ ვალდებულებებთან გამკლავება“,- განაცხადა გვანცა ჯობავამ.

Businesspartner