ბიზნესი
07/02/2022

ასოციაცია: ლომბარდების ბაზარი გაფუჭდა, მცირე კომპანიები დაიხურებიან

ლომბარდების ასოციაცია ბაზრიდან მცირე კომპანიების გასვლას ვარაუდობს.

სესხის გამცემი სუბიექტების გაერთიანებაში ფიქრობენ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ამოქმედებულმა რეგულაციებმა ლომბარდების ბაზარი „გააფუჭა“.

როგორც სესხის გამცემ სუბიექტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, სოფო კალანდაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, არსებულმა რეგულაციებმა უკმაყოფილება გამოიწვია მომხმარებლებშიც.

„2021 წელი რეგულაციებიდან გამომდინარე საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. ძალიან ბევრი რამ დაევალათ სესხის გამცემ სუბიექტებს, ბევრი პროგრამული ცვლილებაც დასჭირდათ. საკმაოდ ბევრმა ლომბარდმა პორტფელების გაყიდვა გადაწყვიტა, განსაკუთრებით ოქროს ლომბარდებმა. ადამიანებმა ამ ბიზნესს თავი დაანებეს. ლომბარდების მომგებიანობამაც საკმაოდ იკლო, რადგან ხარჯი საკმაოდ გაიზარდა. ასევე, ყველანაირი მონაცემები იგზავნება კრედიტ ინფოში, რამაც მომხმარებლებში მნიშვნელოვანი უკმაყოფილება გამოიწვია.

პატარა კომპანიები ნაკლებად უძლებენ დამატებით ტვირთს. ასევე, არის იმის საშიშროება, რომ უზრუნველყოფილი სესხების ლომბარდები, რომლებიც უნდა იცავდნენ კანონმდებლობას, სხვა განზომილებაში გავლენ, გააუქმებენ პორტფელებს და შავად იმუშავებენ. შედარებით დიდი კომპანიები ამ ყველაფერს გაუძლებენ, პატარების ნაწილი კი ვერ. არარეგულირებად სამყაროში გადადიან. ბაზარი შედარებით გაფუჭებულია. იმდენად გართულდა პროცესი. სესხის გამცემ სუბიექტებს ძალიან ბევრი ფუნქცია დაევალათ. როდესაც კლიენტს ყველაფერს ეკითხები და მილიონ რაღაცას სთხოვ, იმას ურჩევნია ისევ ბანკში მივიდეს. მცირე ბიზნესისთვის არაკონკურენტუნარიანი გარემოა. ვერ ვხედავ გამოსწორების გზას. მცირე კომპანიები ნელ-ნელა დაიხურებიან და კლიენტების ძირითადი წილი მსხვილ კომპანიებზე მოვა“, - განაცხადა კალანდაძემ.

ცნობისთვის, ბოლო წლებში ლომბარდებისთვის რამდენიმე ახალი რეგულაცია ამოქმედდა. მათ შორის, ბოლო ყველა დალომბარდებული ნივთის ციფრულ პორტალზე აღრიცხვა იყო. ლომბარდების წარმომადგენლები გასულ წელს ამბობდნენ, რომ პროცესი კომპანიებს ხარჯებს უზრდის, რაც საპროცენტო განაკვეთებზე უარყოფითად აისახება.