"არსი" გამწვანების კომპონენტის სავალდებულო სტანდარტში ცვლილებების საჭიროებას ხედავს
მშენებლობაში, გამწვანების კომპონენტის სავალდებულო სტანდარტში გარკვეული ცვლილებების საჭიროება არსებობს - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ „არსის“ გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე საუბრობს.
სტანდარტი, რომელიც დედაქალაქში 2019 წელს ამოქმედდა, გულისხმობდა სამშენებლო პროექტებში გამწვანების პროექტის სავალდებულო წესით გათვალისწინებას, რაც სამშენებლო ნებართვისა და განაშენიანების რეგულირების გეგემის განუყოფელი ნაწილი გახდა.
ბესო ორთოიძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ რეგულაციის გავლენის შესაფასებლად ჯერ საკმარისი დრო არ გასულა, გარკვეული საკითხები პრაქტიკაში უკვე გამოიკვეთა, რაც შესაძლოა, კანონმდებლობის გადახედვას საჭიროებდეს.
„ახლავე შემიძლია ვთქვა, რომ აღსრულების ნაწილში გარკვეული პრობლემები იქნება და სამსჯელო იქნება ეს საკითხი. თუ მხოლოდ ერთ შენობას აშენებ, იქ ძალიან მარტივია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ექსპლუატაციაში მიღებამდე მოითხოვოს შეთანხმებული გამწვანების პროექტის ჩაბარებაც. მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, რამდენიმე კორპუსისგან შემდგარი კომპლექსია და თუ ყველა შენობა არ დასრულდა, მანამდე გამწვანების გაკეთებას და რეკრეაციის მოწყობას აზრი აქვს, რადგან დაზიანდება. ამ შემთხვევაში - უკვე პრობლემა იქნება მისი კონტროლი - თუ თავიდანვე მოგვთხოვენ, პრობლემა იქნება გამწვანების გაკეთება, რადგან მშენებლბის პროცესში დაზიანდება. თუ ბოლოს მოგვთხოვენ, შეიძლება, ამით არაკეთილსინდისიერმა კომპანიამ ისარგებლოს და ყველა შენობის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ, გამწვანება აღარ გააკეთოს. შესაბმისად, მსგავსი საკითხები დასარეგულირებელი იქნება“ - აცხადებს „არსის“ გენერალური დირექტორი.
კიდევ ერთი შენიშვნა ხეების განლაგებას უკავშირდება, რადგან, არსებული სტანდარტით, დეველოპერს მოეთხოვება ყოველ 25 კვ.მ-ში ერთი ხე იყოს დარგული.
„ჩვენ ვცდილობთ სივრცე მოვარგოთ მომხმარებელს, სკვერები იყოს ფუნქციური და საჭიროა ხოლმე, რომ გარკვეულ ადგილებში სივრცე ან მოედანი იყოს. შესაბამისად, გვიწევს ამ მცენარეების ჯგუფურად დარგვა და უფრო მეტად ვიღებთ გარკვეულ ტყეს, რაც მოსავლელადაც რთულია და ფუნქციურადაც, სარგებელს ვერ იძლევა. შესაბმისად, ასეთ საკითხებს პრაქტიკაში რომ დავინახავთ, მერე უკვე მოგვიწევს კომუნიკაცია და სტანდარტში გონივრული და არგუმენტირებული ცვლილებების შეტანა“ - აცხადებს ბესო ორთოიძე „ბიზნესპარტნიორთან“.
თუმცა, მისივე თქმით, მთავარი გამოწვევა, როგორც წესი, უკვე არსებულ სტანდარტში და დამტკიცებულ რეგულაციაში ცვლილებების შეტანაა.
„როცა პრაქტიკაში ვხედავთ ხოლმე, რომ რაღაც ვერ მუშაობს, აქ სწრაფი რეაგირება მნიშვნელოვანია. სახელმწიფო ამას უყურებს როგორც უკვე შეთანხმებულ, მიღებულ კანონს და მიბრუნებაზე მოტივაცია აღარ არის ხოლმე. თუ ბიზნესს აქვს არგუმენტირებული პოზიცია, რომ ესა თუ ის რეგულაცია კარგად არ მუშაობს და ცვლილებები საჭიროა, მაშინ უნდა გადაიხედოს.“ - აცხადებს ბესო ორთოიძე.
მშენებლობისას გამწვანების კომპონენტის ინტეგრირება მთელ ქვეყანაში სავალდებულო გახდება. ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა. ინიციატორების განმარტებით, ეს მიზნად ისახავს მშენებლობის პროცესში გამწვანების კომპონენტის სავალდებულო წესით ინტეგრირებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
კანონპროექტი 2024 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. მსგავსი სტანდარტი დედაქალაქში 2019 წლიდან მოქმედებს და ამ პერიოდის შემდეგ გაცემულ სამშენებლო ნებართვებზე ვრცელდება.