ბიზნესი
26/04/2021

არდი: სადაზღვევო ბაზარზე უკვე გამოჩნდა COVID-19-თან დაკავშირებული პროდუქტები

პანდემიამ ისევე როგორც ბევრ სხვა სექტორში გავლენა სადაზღვევო ბიზნესზეც მოახდინა. ბაზარზე უკვე გამოჩნდა ციფრული სერვისები და COVID-19-თან დაკავშირებული პროდუქტები.

როგორც jandacva.ge-სთან სადაზღვევო კომპანია "არდის" აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა ჩვენს ცხოვრებაში და ბიზნესს ახალი გამოწვევების საპასუხოდ გადაწყობა მოუწია.

მიხეილ ჯაფარიძე ამბობს, რომ ციფრულ სერვისები კიდევ უფრო გაძლიერდება.

"დისტანციური მართვის ახალი მოდელების შემოღება გახდა საჭირო და უფრო მეტი ეფექტური გადაწყვეტილებების ძებნა პროდუქტიულობის შენარჩუნებისთვის. რაც შეგვეხება ჩვენ ვცდილობდით ახალი რეალობა არ ყოფილიყო შეფერხების მიზეზი არცერთი მიმართულებით. სამედიცინო სერვისების ანაზღაურების ნაწილი სრულად გაციფრულდა. ოჯახის ექიმებისა თუ სხვა სამედიცინო მომსახურების მიწოდება პროვაიდერებთან აქტიური მუშაობით გადაეწყო და ახალი წესების შესაბამისად ხდება დაორგანიზება. გვქონდა აქტიური კოორდინაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა ჩვენი რესურსებისა და კომპეტენციის ფარგლებში დავხმარებოდით სახელმწიფოს არსებული გაიდლაინების გათვალისწინებით ბინაზე პაციენტების მართვის დანახარჯების დაფინანსების კუთხით და ა.შ", - განაცხადა მიხეილ ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, სადაზღვევო ბაზარზე უკვე გამოჩნდა COVID-19-თან დაკავშირებული პროდუქტები.

"აუცილებლად მოხდება იმის ანალიზი, თუ რა ვისწავლეთ ამ გამოწვევებისგან. სადაზღვევო ბაზარზე უკვე გაჩნდა COVID-19-თან დაკავშირებული პროდუქტები. მაგალითად: გამსვლელი ტურისტებისთვის სამოგზაურო დაზღვევაში „არდიმ“ უკვე გაააქტიურა კოვიდ დაფარვა, ასევე შემოვიდა საქართველოში უცხო ქვეყნის სტუდენტების სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის პროდუქტი, რომელშიც "არდიც" აქტიურადაა ჩართული", - განმარტავს "არდის" აღმასრულებელი დირექტორი.

ჯაფარიძემ პორტალთან კომერციული ვაქცინის შემოტანაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დეტალებზე თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე ვერ ისაუბრებს.

"ვფიქრობთ, ეს თემა სახელმწიფოს მაქსიმალური კოორდინაციითა და მონაწილეობით უნდა განხორციელდეს, რათა თავიდან ავიცილოთ მართვის პრობლემები. დღეს მთელი რიგი მიმართულებით მსოფლიოშიც კი ვაქცინაციის პროცესში არსებული გამოწვევების (ეფექტურობა, ლოჯისტიკა, პრიორიტეტები და ა.შ.) დაზუსტება მიმდინარეობს და აქ შეცდომები მინიმიზებული უნდა იყოს. იმ ფონზე, როცა 2021 წლის სრული და 2022 წლის დიდი წილი წარმოების მარაგი, კონკრეტული ქვოტების მიხედვით არის გადანაწილებული მსოფლიოს ყველა ქვეყანაზე, ცალკეული კერძო ინიციატივები სწორად უნდა დაიგეგმოს, რათა ერთმანეთში არ აგვერიოს საერთო პოლიტიკა და ცალკეული (კერძო) მარკეტინგული აქტივობა", - განაცხადა ჯაფარიძემ.