აგრიკომი: რეგიონის კონფლიქტის გამო ხორბლის იმპორტს საფრთხე არ ემუქრება, ლარზე კი აისახება
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე სამხედრო შეტაკებების და რეგიონში არსებული საომარი მოქმედებების დროს არაერთი კითხვა გაჩნდა. მათ შორის, ეკონომიკიური კუთხით. რამდენად რისკის ქვეშ დგას ამ პროცესებში საქართველოს უსაფრთხოება და ხომ არ შექმნის რაიმე პრობლემას კონფლიქტი ხორბლის იმპორტისას ან ხომ არ იმოქმედებს პროდუქციის ფასზე, ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ხორბლის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი კომპანია „აგროკომის“ დირექტორი ქეთი კუბლაშვილი ესაუბრა.
მისი განცხადებით, აზერბაიჯანთან ხორბლის შეტანის ნაწილში საქართველოს არანაირი კავშირი არ აქვს, რადგან ეს უკანასკნელი ესაზღვრება ორ ყველაზე დიდ მწარმოებელ რეგიონს, რუსეთს და ყაზახეთს, აქედან ახდენს იმპორტს საქართველოს გარეშე. თუმცა, სომხეთი საქართველოზე მობმული ტრანზიტული ქვეყანაა და ხორბლის ნებისმიერი მარცვალი, რომელიც ამ ქვეყანაში შედის, გადის საქართველოზე.
„ჩვენ საფრთხე ხორბლის იმპორტის კუთხით არ გვემუქრება. თუმცა, მეზობლები არიან და უნდა ვინერვიულოთ, რადგან ეს კონფლიქტი სავარაუდოდ, ლარის კურსზე იმოქმედებს. ჩვენ უნდა ვინერვიულოთ ჩვენს ეკონომიკაზე და ლარის კურსზე, ხორბლის შემოტანის თვალსაზრისით საფრთხე არ გვემუქრება,“ - აცხადებს კუბლაშვილი.
კომპანია „აგროკომის“ დირექტორი ბოლო პერიოდში ლარის გაუფასურებასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ როგორც უფასურდება ლარის კურსი, სწორედ ამის შესაბამისად იზრდება იმპორტირებული ხორბლის ფასი. ეს ლოგიკურია, რადგან ქვეყნის ხორბლის მოხმარების 90% რუსეთიდანაა იმპორტირებული.
კითხვაზე, დღეს არსებული სიტუაცია და ლარის კურსი თუ ქმნის იმის რისკს, რომ იმპორტიორებმა ბაზარს ხორბალი გაზრდილი ფასით მიაწოდონ, კუბლაშვილი აცხადებს, რომ „აგროკომს“ პროდუქცია ნაყიდი აქვს დოლარში და მის რეალიზაციას დოლარის ექვივავლენტ ლარში ახდენს.
„რა კურსიც არის გაყიდვის დღეს, იმაც ვაფიქსირებთ. ამას ვერ ავვუვლით გვერდს. შესაბამისად, ხორბალი ძვირდება იმისდა მიხედვით, როგორც უფასურდება ლარი, სხვა გამოსავალი არ არსებობს,“ - აცხადებს კუბლაშვილი.
მისი ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ხორბლის საკმარისი მარაგები არსებობს. კერძოდ, აგვისტოში დაახლოებით 100 000 ტონამდე ხორბალი შემოვიდა, რაც დიდი რაოდენობაა.
„საკმაოდ კარგი მარაგებით ვხვდებით ამ ქაოტურ ვითარებას. დაახლოებით 80 000 ტონა იმპორტორებული ხორბალი უკვე განბაჟებულია, 20 000 ტონა კი ამ ეტაპზე განუბაჟებელია. სწორედ ეს განბაჟდება შესაბამისი კურსით, ამიტომ მისი ფასი გაიზრდება ლარის კურსის გაუფასურების შესაბამისად,“ - აცხადებს კუბლაშვილი.
მისივე ინფორმნაციით, აგვისტოში 1 ტონა განბაჟებული იმპორტირებული ხორბლის ფასი 890 ლარს შეადგენდა.