ბიზნესი
27/01/2021

₾450 000 დავხარჯე COVID-უსაფრთხოებაზე, ჩემნაირი რატომ უნდა იყოს დაკეტილი - სავაჭრო ცენტრი "საბა"

„ეპიდემიოლოგებმა შეიძლება იცოდნენ, ავადმყოფს როგორ უმკურნალონ, მაგრამ ეკონომიკის მართვის გაგებაში არ არიან“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ სავაჭრო ცენტრ „საბას“ დირექტორმა პაატა კაჭარავამ განუცხადა.

პაატა კაჭარავა ამბობს, რომ კოვიდუსაფრთხოებისთვის 450 000 ლარი დახარჯა, გაითვალისწინა ყველა რეკომენდაცია, გაიზიარა საერთაშორისო გამოცდილება, შესაბამისად, მისი სავაჭრო ობიექტის დაკეტვა, გაუმართლებელია.

„აღარ მჯერა, რომ ეპიდემიოლოგები რამეში ერკვევიან. მთავრობა მოჯადოებულ წრეში ჰყავთ მოქცეული და თავის ჭკუაზე ატარებენ. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვაში უვიცობას ავლენენ. სავაჭრო ცენტრში 20 კვ.მ-ზე კი არა, 40 კვ.მ-ზე არ ვუშვებ ერთ ადამიანს. დარბაზში სპეციალური მოწყობილობით, ადამიანების რაოდენობას ვმართავ. დასაშვებ რაოდენობაზე მეტი ვერ შემოდის, ამ შემთხვევაში კარი არ იღება. სანამ ეზოში შემოვა, თერმოსკრინინგს ვუტარებთ, დარბაზში ვერ შევა, თუ პირბადე არ უკეთია. დეზინფექციას ყოველდღე ვატარებ. ღამის 01:00 საათიდან სპეციალური განათება მაქვს, ულტრაიისფერი სხივებით, რომელსაც ვერანაირი ბაქტერია ვერ გადაურჩება. გამორიცხულია სალაროსთან რიგი იყოს, რადგან ერთი სალაროს პრინციპით არ ვმუშაობთ. ყველას თავისი სალარო აქვს. 450 000 ლარი დავხარჯე კოვიდუსაფრთხოებაზე. მსოფლიო გამოცდილება გავითვალისწინე, უსაფრთხო გარემო შევქმენი. ასეთ შემთხვევაში ჩემნაირი რატომ უნდა იყოს დაკეტილი?“ - აღნიშნა „საბას“ დირექტორმა.

მისი თქმით, სავაჭრო ობიექტის გაჩერების შემთხვევაში თვიური ხარჯი 200 000 ლარს შეადგენს.

„კოვიდით შეიძლება ადამიანი 2 კვირა ჩაიკეტოს და შემდეგ განიკურნოს, მაგრამ ეკონომიკურ ზარალს ვერ აანაზღაურებ. გაჩერების შემთხვევაში თვეში 200 000 ლარი მაქვს ხარჯი - დაცვა, ელ. ენერგია, გათბობა, სახანძრო უსაფრთხოება. წინა გაჩერების პერიოდში იჯარის გადასახადი არ გადავახდევინე, ახლაც ვფიქრობ, შეღავათი გავუკეთო ამ ხალხს“, - განაცხადა პაატა კაჭარავამ.

Businesspartner