22:00 საათის მერე კორონა გადამდებია და 22:00 საათამდე არა? - "ალიბი რუმსი“
„22:00 საათის მერე კორონა გადამდებია და 22:00 საათამდე არა? ასეთი ლოგიკა ჩვენ არ გვესმის,“ – აცხადებს „ალიბი რუმსის“ თანადამფუძნებელი.
ბარები ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ. როგორც „ალიბი რუმსის“ თანადამფუძნებელმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, „ალიბი რუმსი“ 22:00 საათის შემდეგაც მუშაობს, ვინაიდან ბარს „გირჩის“ საარჩევნო შტაბის სტატუსი აქვს. გიორგი კობახიძის შეფასებით, დაწესებული შეზღუდვები ბიზნესის გაკოტრებას გამოიწვევს.
„ბარებში ხალხი სამსახურის მერე დადის ღამე, ძირითადად საღამოს 10 საათის შემდეგ. 10 საათამდე COVID-19-მდეც არავინ დადიოდა. ეს შეზღუდვები ბიზნესს გააკოტრებს, ვერც ხელფასებს გავცემთ და ვერც ქირას გადავიხდით,“ - ამბობს გიორგი კობახიძე.
„ალიბი რუმსის“ თანადამფუძნებლის ინფორმაციით, 16 ოქტომბერს შრომის ინსპექციამ ბარი 10 000 ლარით დააჯარიმა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით თბილისსა და იმერეთში 16 ოქტომბრიდან რესტორნებისა და გასართობი დაწესებულებების ფუნქციონირება 22:00 საათიდან შეიზღუდა, 20 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილებით კი ანალოგიური შეზღუდვა ამოქმედდა მცხეთაშიც.
19 ოქტომბრის უწყებათშორის კომისიის სხდომის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამა განაცხადა, რომ ყველა კომპანია, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებას არ დაემორჩილება, დაჯარიმდება. მეტიც, დაჯარიმების შემდეგ მსგავსი ქმედების განმეორებით ჩადენა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც გაითვალისწინებს.