ტურიზმი
18/09/2021

სანახაობა და გამაჯანსაღებელი თერაპია - ქვეყანაში მოსანახულებელ ადგილებს თეთრა მღვიმე შეემატა

საქართველოში მოსანახულებელ ადგილებს კიდევ ერთი, თეთრა მღვიმე შეემატა, რომელმაც ვიზიტორების მიღება უკვე დაიწყო. მღვიმე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფლ ხომულში მდებარეობს. შედგება 3 დარბაზისგან. წრიული სამოძრაო ბილიკი 220 მ-ია. 

გარდა იმისა, რომ მღვიმეში მრავალფეროვან ნაღვენთ წარმონაქმნებს ნახავთ, იქ უნიკალური კლიმატია ღვინის დასაძველებლად, შესაბამისად ღვინის დეგუსტაციის შესაძლებლობაც გაქვთ. მღვიმე ვიზიტორებს სპელეო-გამაჯანსაღებელ სეანსებსაც სთავაზობს.

დეტალებზე “ბიზნესპარტნიორს“ თეთრა მღვიმის დირექტორმა გიორგი ტყაბლაძემ ესაუბრა.

“5 აგვისტოდან დავიწყეთ ოფიციალურად ვიზიტორების მიღება. ვიზიტორების რაოდენობასთან დაკავშირებით ყოველდღიურ სტატისტიკას ვაწარმოებთ. ვიზიტორებიდან დაახლოებით 30%-ია უცხოელი ტურისტი, 70% ქართველი დამთვალიერებელი. დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან, ტურისტულ კომპანიებთან, ბიზნეს ჯგუფებთან ერთად ნელ-ნელა ვიწყებთ პიარ კამპანიას, რათა მღვიმის შესახებ ინფორმაცია ფართომასშტაბით გავრცელდეს“,- აღნიშნა გიორგი ტყაბლაძემ.

ამ ეტაპზე მღვიმეში 15 ადამიანია დასაქმებული, ვინც მომსახურების სერვისს უზრუნველყოფს.

მღვიმე ვიზიტორებს სპელეო-გამაჯანსაღებელ სეანსებს სთავაზობს, რაც განპირობებულია მღვიმის სპეციფიკური ჰაერით.

“70-იან 80-იან წლებში ეს მღვიმე ფუნქციონირებდა ზუსტად ამ დანიშნულებით. მღვიმეში ჩატარებულია არაერთი კვლევა და დაკვირვება გამაჯანსაღებელ სეანსებთან დაკავშირებით. დაცულია დისერტაციები, რომელსაც ნელ-ნელა ვაგროვებთ და ვუყრით თავს, გვაქვს კომუნიკაცია ყველა იმ პიროვნებასთან, ვინც იმ დროს ამ პროცესებში იყო ჩართული“,- აცხადებს გიორგი ტყაბლაძე.

მისი თქმით, მღვიმის ჰაერი განსაკუთრებით უხდება ასთმური პრობლემის მქონე ადამიანებს - ეს არის ბრონქიალური ასთმა, ჰიპერტონული დაავადება, ასევე სასარგებლოა გულსისხლძარღვთა და ნერვული სისტემის დაავადების მქონე ადამიანებისთვის.

“დადასტურებულია ის ფაქტიც, რომ მღვიმეში, იმ წლებში, როდესაც ფუნქციონირებდა, სპეციალურად ჩამოჰყავდათ ავიადისპეტჩერები, კოსმონავტები, რომლებიც სარეაბილიტაციო კურსს გადიოდნენ უკვე მღვიმეში.

აღნიშნული მიმართულებით რა თქმა უნდა ვფუნქციონირებთ და გვაქვს ეს სერვისიც.  ჯერჯერობით ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე ვუშვებთ ადამიანებს სპელეო-გამაჯანსაღებელ თერაპიაზე.  გვყავს დაინტერესებული მომხმარებლები და რეალური შედეგები უდგათ უკვე რამდენიმე დღიანი სეანსის შემდეგ.

საერთოდ დასავლეთი ცუდი მიკროკლიმატით გამოირჩევა. მაცხოვრებლების თითქმის 80%-ს ბრონქების პრობლემა აქვს. ყველანი მიდიოდნენ თბილისში, სადაც ხელოვნურად მოწყობილი მარილის ოთახია, იქ ჯდებოდნენ და სუნთქავდნენ ამ ჰაერს, სხვადასხვა კურორტზე დადიან ყოველ წელს, ჯანმრთელობის ამ პრობლემის მოსაგვარებლად. თვითონ მღვიმეს პრევენციული უნარი გააჩნია. სეანსების რაოდენობას ექიმი განსაზღვრავს, სიმძიმიდან გამომდინარე, თუ რამდენად აქვს გართულებული სასუნთქი გზების პრობლემა. საშუალოდ 10 სეანსით სარგებლობენ, მაგრამ 15-20 სეანსის შემდეგ ფაქტობრივად ადამიანს აქვს ისეთი შედეგი, რომ მთელი წლის მანძილზე ეს პრობლემა აღარ აწუხებს“ ,- აღნიშნა გიორგი ტყაბლაძემ.

თეთრა მღვიმე ბუნებრივ პირობებში ღვინის დაძველების შესაძლებლობას ქმნის. ვიზიტორებს კი, მღვიმეში დაძველებული ღვინის დეგუსტაციას სთავაზობს. იქ მოწყობილია აგრეთვე მარნის კუთხე, სადაც ვიზიტორებს ქართული ღვინის ისტორიის შესახებ უყვებიან.

გიორგი ტყაბლაძის განცხადებით, მღვიმეში სადეგუსტაციოდ მხოლოდ მაღალი ხარისხის ღვინო შედის, რომელიც რეგისტრირებულია მეღვინეთა ასოციაციაში, შემოწმებულია სომელიეთა ასოციაციის მიერ. გავლილი აქვს ლაბორატორილი შემოწმება და შეფასებულია 90 ქულაზე ზემოთ.

თეთრა მღვიმე ამ ეტაპზე თანამშრომლობს - ჭური ჩინებულთან. ეს არის მეღვინეობა იმერეთში, რომელიც იწარმოება სოფელ სვირში.

“სამი სახეობის ღვინოს ვთავაზობთ - კრახუნა, ოცხანური საფერე და იმერული სადესერტო, სპეციალურად ახალი დამზადებული ღვინო, შედგება სამი კომპონენტისგან - კრახუნა, ციცკა და ცოლიკაურის ნაზავი. ძალიან გემრიელი ღვინოებია. ეს პროდუქცია იყიდება მხოლოდ 8000 მოსავალში, სადაც მაღალი ხარისხის ღვინოებია და ჩვენთან“, - აღნიშნა გიორგი ტყაბლაძემ.

მისი თქმით, მღვიმეში სხვა მაღალხარისხიანი ღვინოების შეტანაც იგეგმება.

“გვექნება კვირეულები. ანუ, 1 კვირის მანძილზე ჭური ჩინებულის ღვინო. მეორე კვირის მანძილზე სხვა ბრენდული ორგანიზაციის ღვინო, მესამე კვირის მანძილზე სხვა და ა.შ“,- აცხადებს გიორგი ტყაბლაძე.

თეთრა მღვიმის რესტრავრაცია 2019 წლიდან დაიწყო და 2 წლის მანძილზე გრძელდებოდა.

“სამწუხაროდ, სანამ მღვიმე მიტოვებული და უფუნქციო იყო, 90-იანი წლებიდან მოყოლებული ვანდალების მიერ ბევრი ნაღვენთია მოტეხილი. კედელებზე და ჭერზე იყო საღებავებით წარწერები, პირუტყვი შეჰყავდათ მღვიმეში და კლავდნენ, ძარცვავდნენ და აუბედურებდნენ. სამწუხაროდ რა თქმა უნდა დამტვრეული ნაღვენთების აღდგენა ვერ მოვახერხეთ, თუმცა დასუფთავებულია, მოწესრიგებულია, განათება აღდგენილია. ეს ყველაფერი საერთაშორისო სტანდარტების დონეზე გაკეთდა. ფაქტი სახეზე გვაქვს, ყველას მოსწონს, ვინც გვსტუმრობს, უკმაყოფილო არავინ გაგვისტუმრებია“,- განაცხადა გიორგი ტყაბლაძემ.

თეთრა მღვიმე 30 000 წლის წინანდელ ისტორიას ინახავს. ის მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ძეგლს წარმოადგენს, სადაც 15 000-მდე არქეოლოგიური მასალაა მოპოვებული, მათ შორის, პალეოლითელი ადამიანის იდაყვის ძვალი, რაც ადასტურებს, რომ მღვიმე პირველყოფილი ადამიანის საცხოვრებელს წარმოადგენდა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, თეთრა მღვიმე, ელექტრონული აუქციონის შედეგად 2019 წელს იჯარის ხელშეკრულებით გადაეცა შპს “თეთრა ჯგუფს“. მეიჯარე კომპანიის მიერ, ხელშეკრულების დადებიდან 1 წელიწადში, თეთრამღვიმის ეკოტურისტული სივრცის მოწყობაში 400 000 ლარამდე ინვესტიცია განახორციელა.