"დავინახეთ საჭიროება, რომ აუცილებელია მინიმალური კანონის ფორმის ჩამოყალიბება" - კერძო სექტორი ტურიზმის რეფორმაზე
გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში
ტურიზმის სექტორი დარგში დაგეგმილ რეფორმას მიესალმება და ფიქრობს, რომ ეს მათ საქმიანობას, კიდევ უფრო უსაფრთხოს გახდის.
„ბოლო წლებში არსებულმა გამოწვევებმა, მათ შორის პანდემიამ, დაგვანახა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სისტემატიური და სტრუქტურული თანამშრომლობა გვქონდეს როგორც საჯარო სექტორთან, ასევე დონორ ორგანიზაციებთან“, - ამის შესახებ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ ნატალია ბახტაძემ, საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ განაცხადა.
მან USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის და რეფორმეტრის მხარდაჭერით, ტურიზმის სექტორში მიმდინარე რეფორმა შეაფასა და თქვა, რომ ტურიზმის სექტორში არსებული ძველი მიდგომა, რომელიც ქვეყანაში 1997 წელს იქნა მიღებული, ვეღარ უძლებდა ვეღარც კრიტიკას და ვერც იმ გამოწვევების აღმოფხვრაში ეხმრებოდა სექტორს, რომელიც თანამედროვე ტურიზმის ინდუსტრიის წინაშე იდგა.
„ჩვენ გვინდოდა, რომ ტურიზმი ყოფილიყო ეკონომიკის წამყვანი სექტორი. ამიტომ, 2003 წლიდან, ფაქტობრივად, არანაირი ბარიერი არ გვქონია, რაც ძალიან კარგი იყო და მივაღწიეთ იმას, რომ ტურისტული ნაკადები გაიზარდა. თუმცა, ნაკადების ზრდას მოჰყვა სხვადასხვა ტიპის მომსახურეობების მიმწოდებლების ქაოსური გამოჩენა ბაზარზე. განსაკუთრებით, სათავადასავლო სექტორში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები, ან საერთოდაც, საქართველოში არ ოპერირებდნენ. არადა, სათავგადასავლო ტურიზმის ერთ-ერთი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ის ტერიტორია კარგად უნდა იცოდე, სადაც ოპერირებ იმიტომ, რომ ბუნებასთან და ადამიანის უსაფრთხოებასთან გაქვს საქმე. ამ კანონის მიღების შემდეგ, ეს სეგმენტი იძულებული გახდება ისწავლოს და ცოდნით შევიდეს ამ პროფესიაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო წლებში, ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოს ტურიზმში რაც გვქონია არის ის, რომ ბარიერების არარსებობამ და უცოდინარობამ, გაზარდა რისკები“, - აღნიშნა საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ახალი რეფორმა სწორედ იმას მოაწესრიგებს, რომ მაღალი რისკის ტურიზმში უცოდინარი ოპერატორები აღარ იქნებიან.
„კერძო სექტორი მიესალმება ტურიზმის რეფორმას, ვინაიდან, ბოლო პერიოდში, რაც დავინახეთ, უამრავი გამოწვევა იყო - კერძოდ, მიუხედავად დიდი პოტენციალისა, ჭარბი რაოდენობით განუვითარებელი ტურისტული ადგილები, დაურეგულირებელი სიტუაცია მაღალი რისკის ტურიზმში, მაგალითად - არ ვიცოდით ვინ ასწავლიდა თხილამურზე დგომას და ა.შ. ამ შემთხვევაში, ევროდირექტივა რომელიც მოცემულია, ორიენტირებულია მომხმარებელთა უფლებებზე, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც საქართველოში ჩამოვა უნდა იყოს დაცული და უნდა იმოგზაუროს უსაფრთხო გარემოში. ეს ჩვენი მხრიდან მეტ-ნაკლებად უნდა იყოს დარეგულირებული და უზრუნველყოფილი. ეს ყველა პრობლემა ერთობლივად აკუმულირდა და დავინახეთ საჭიროება, რომ აუცილებელია მინიმალური კანონის ფორმის ჩამოყალიბება, რომელსაც მარეგულირებელი ფუნქცია ექნება“, - განმარტა საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ.
მისივე ინფორმაციით, ტურიზმის სექტორში ძალიან სწრაფად იცვლება სიტუაცია და რამდენადაც სწრაფად რეგენერირებადია ეს სექტორი, იმდენად ყველაფერი მოქმედებს მასზე. „ამიტომ, უცხო ქვეყნების გამოცდილებას თუ გავიზიარებთ, ამ სექტორში ცოდნით შესვლა და ცოდნით რეგულირება, არის ყველაზე უსაფრთხო მეთოდი“, - განაცხადა ნატალია ბახტაძემ.
ცნობისთვის, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის და რეფორმეტრის მხარდაჭერით ტურიზმის სექტორში რეფორმა მიმდინარეობს. მუშავდება ტურიზმის შესახებ კანონპროექტი, რომლის მიღების შემდეგაც საქართველოში სტუმარ-მასპინძლიბის მიმართულება ახლებურად დარეგულირდება.