ტურიზმი
06/06/2023

დავამატეთ ახალი მასაჟები და კაცების აკვაერობიკა - თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი

ქართველებმაც ვისწავლეთ და დავაფასეთ ჯანსაღი ცხოვრების კონცეფცია, შესაბამისად, მოთხოვნა სპა-ველნეს მიმართულებით საგრძნობლად გაზრდილია, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის აღმასრულებელმა დირექტორმა სალომე ყვავილაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, დაინტერესება განსაკუთრებით მაღალია აკვაერობიკაზე, იოგასა და ფიტნესზე.

„დაახლოებით, 5 წლის წინ დავიწყეთ სპა-ველნეს მიმართულების განვითარება და ამ პერიოდში, მოთხოვნა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან 100%-ით არის გაზრდილი.

მათ შორის, წლევანდელ წელსაც ზრდა ფიქსირდება. გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, დავამატეთ მასაჟის ახალი სახეობებიც, ამჟამად, 200-ამდე სახეობის როგორც გამაჯანსაღებელი, ისე სამკურნალო მასაჟები გვაქვს.

საბოლოო ჯამში, წინა წელთან შედარებით, 30%-ით გავზარდეთ მომსახურეობის არჩევანი. დავამატეთ ახალი სივრცეები, კაცების აკვააერობიკა, რაც საკმაოდ მოთხოვნადია. თავიდან ამ საკითხს სკეპტიკურად უყურებდნენ და არავის ეგონა, რომ ქართველი კაცი აკვააერობიკაზე ივლიდა, თუმცა, ახლა ადგილები არ გვაქვს, ისეთი მაღალია მოთხოვნა. ცხადია, გაზრდილი მომსახურეობების ფონზე, გავზარდეთ დასაქმებულთა რიცხვიც და მათ შორის, 3 უკრაინელი დავასაქმეთ, 1 ზუმბას ტრენერი და 2 მასაჟისტი“, - აღნიშნა სალომე ყვავილაშვილმა.

თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის აღმასრულებელმა დირექტორმა „ბიზნესპარტნიორთან“ ზოგადად, სამედიცინო ტურიზმის და ამ ჭრილში, ბალნეოლოგიური მიმართულების განვითარების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„იმ ქვეყნებში, სადაც სამედიცინო ტურიზმი არის განვითარებული, სახელმწიფო იქ საკმაოდ დიდ ფინანსურ რესურსს დებს ამ დარგში. სამწუხაროდ, ჩვენ ეს მხარდაჭერა არ გვაქვს. არადა, საქართველოს გააჩნია უდიდესი პოტენციალი სამედიცინო ტურიზმის განვითარების, გვაქვს - ბორჯომი, ლიკანი, წყალტუბო, საირმე, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი, 2000-ამდე მინერალური წყალი, სამკურნალო ტალახები - ეს ყველაფერი ათვისებული თუ იქნება, როგორც ქვეყნისთვის, ისე თითოეული ჩვენგანისთვის უნიკალური შესაძლებლობაა, ქვეყანა და მისი მოქალაქეები უდიდეს ფინანსურ შემოსავალს მიიღებენ“,- განმარტა თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის აღმასრულებელმა დირექტორმა.

მისივე განცხადებით, ბალნეომიმართულების განვითარებით, ტურიზმის სექტორიც დიდ სარგებელს ნახავს და გაიზრდება ტურისტული ნაკადების რიცხვი.

შეგახსენებთ, სახელმწიფო თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტის 100%-ს სახელმწიფო ფლობდა, 1998 წელს შენობას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, დღეს თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტის 75%–ს შპს „მეიდანზე“ ფლობს, 25%–ს კი კომპანია „მეიდანი“.

Businesspartner